ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ეს არის პოლიტიკური შეცდომა ბადრი ჯაფარიძის მხრიდან -ნინო ბურჯანაძე

ეს არის პოლიტიკური შეცდომა ბადრი ჯაფარიძის მხრიდან – რა თქმა უნდა, მას ეს უნდა ეთქვა გაცილებით ადრე და ეს იქნებოდა გაცილებით უფრო დიდი დარტყმა გახარიასთვის, როგორც პრემიერისთვის და იქნებოდა გაცილებით დიდი დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“,- აღნიშნული განცხადება პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თქმითაც, ე.წ. მუქარის წერილი მას გიორგი გახარიამ გადასცა.

ბურჯანაძის თქმით, ბადრი ჯაფარიძეს წერილთან დაკავშირებით განცხადება ადრე რომ გაეკეთებინა „ქართულ ოცნებას“ ამაზე ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწევდა და იძულებული გახდებოდა, როგორც საკუთარი თავი, ასევე გახარია დაეცვა.

ახლა კი, ბურჯანაძის შეფასებით, მმართველი პარტია უნამუსოდ იქცევა, როდესაც ამბობს, რომ ეს ორ ოპოზიციონერს შორის არსებული საქმეა, რომელიც მას არ ეხება.

„ადრე რატომ არ თქვა ჯაფარიძემ წერილთან დაკავშირებით? მე არ მაქვს არანაირი უფლება, ბადრი ჯაფარიძის სიტყვებში ეჭვი შემეპაროს, მას ვიცნობ, როგორც წესიერ ადამიანს და ალბათ, ასეა, როგორც ამბობს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური შეცდომა. რა თქმა უნდა, მას ეს უნდა ეთქვა გაცილებით ადრე და ეს იქნებოდა გაცილებით უფრო დიდი დარტყმა გახარიასთვის, როგორც პრემიერისთვის და იქნებოდა გაცილებით დიდი დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“. „ქართულ ოცნებას“ მოუწევდა ამაზე ახსნა-განმარტებების კეთება, თავის დაცვა, თავის მართლება, გიორგი გახარიას დაცვა. ახლა ამბობენ, რომ ორი ოპოზიციონერი რაღაცას ერთმანეთში ეკამათება, ჩვენ რა შუაში ვართო. უნამუსობაა უბრალოდ, არც კაცობაა, არც პოლიტიკოსობაა, არაფერი არ არის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს. გუშინწინ გახარიასთან, ალბათ, კაბინეტში რომ შედიოდნენ, შუბლზე ოფლს იწმენდნენ, დღეს ის ადამიანები ასეთი ტონით ლაპარაკობენ. ესეც მახოვს ჩემი პოლიტიკური წარსულიდან – თვალებში რომ ვერ მიყურებდნენ და ენა ებმებოდათ ხოლმე და კაბინეტიდან რომ გამოვედი და პარლამენტის თავმჯდომარე რომ აღარ ვიყავი, მერე ძალიან ენები დაიგრძელეს. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით სერიოზული დარტყმა იქნებოდა „ქართული ოცნებისთვის“, ბადრი ჯაფარიძეს რომ ეთქვა თავის დროზე. რატომ არ თქვა, მე არ ვიცი. ალბათ, მას რაღაც მოტივაცია ჰქონდა,“- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დაადასტურა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მას ე.წ. მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა.

დატოვეთ კომენტარი