ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ქვეყნები, სადაც კაზინოებზე მკაცრი აკრძალვებია

21-ე საუკუნეში როდესაც მსოფლიო აჩქარებული ტემპებით მიიწევს წინ, საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ უმკლავდება ონლაინ აზარტულ თამაშებს. ეს წინააღმდეგობებით სავსე საკითხი მსოფლიოს მასშტაბით დაბნეულობას იწვევს ნაწილობრივ იმის გამო, რომ ონლაინ აზარტული თამაშების რეგულირება, თანაც ეფექტურად საკმაოდ რთულად ხდება.

ამ პირობებში ზოგიერთ სახელმწიფოში გადაწყვიტეს ინტერნეტ აზარტულ თამაშებს მთლიანად იგნორირება გაუკეთონ, ზოგიერთი ქვეყანა მსგავსი თამაშებისადმი დამოკიდებულების შეკავებას ცდილობს და ძალიან ცოტა სახელმწიფო ლიბერალურად არის განწყობილი აზარტული თამაშებისადმი. შესაბამისად ინტერნეტ კაზინოებთან დაკავშირებული კანონმდებლობა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. ვნახოთ რომელ ქვეყნებშია ის ყველაზე მკაცრი.

აშშ

თავისუფლების სამშობლო ინტერნეტ თამაშებისადმი ლიბერალურად სულაც არ აღმოჩნდა განწყობილი. რა თქმა უნდა, ამერიკელებს შეუძლიათ ითამაშონ, მაგრამ ისინი ძალიან ბევრ სირთულეს აწყდებიან მოგებული თანხის დეპოზიტირებისა და გამოტანისას, რადგან როგორც წესი, ბანკები უარს ამბობენ აზარტული თამაშების შედეგად მოგებული თანხის ტრანზაციების განხორციელებაზე. ონლაინ კაზინოები თავს არ იწუხებენ რთულ ამერიკულ კანონმდებლობასთან ბრძოლისთვის და ძალიან მარტივად, მოქალაქეებს საიტზე წვდომას უზღუდავენ. თუ მოსახლეობას “უმართლებს” და პოულობს ვებ-გვერდს, რომელიც ავტორიზაციის გავლის უფლებას აძლევს, მათი მცდელობა მოგებული თანხა გაიტანონ, მაინც უშედეგო რჩება.

ნიდერლანდები

მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდები ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომლის კანონმდებლობაც წევრ ქვეყნებს აზარტული თამაშების სერვისების თავისუფლებას სთხოვს, ქვეყნის ხელისუფლება ამაზე მაინც უარს ამბობს. ადგილობრივი თუ უცხოური, ონლაინ კაზინოები აქ სასურველი არ არის და ქვეყნის ხელისუფლებას ამის ხმამაღლა თქმის არ ეშინია. მოთამაშეთა სასარგებლოთ, ნიდერლანდების ხელისუფლება თავისი გადაწყვეტილების გამო უკვე მნიშვნელოვან წნეხს განიცდის და ქვეყანაში ამ მხრივ აზარტული თამაშების მოყვარულებისთვის შესაძლოა, სასიკეთო ძვრებიც დაიწყოს უახლოეს პერიოდში.

ბრაზილია

როგორც ჩანს ბრაზილია ონლაინ კაზინოების ბედს ვერ წყვეტს. ქვეყნის კანონმდებლობა მკაცრია, როდესაც საქმე ზოგადად აზარტულ თამაშებს ეხება, მაგრამ ეს კანონმდებლობა ჯერ კიდევ მაშინ ამოქმედდა, როდესაც ინტერნეტი არც კი არსებობდა და ახლა ბრაზიილიის ხელისუფლებამ არ იცის როგორ გაუმკლავდეს ინტერნეტ სივრცეში გადანაცვლებულ აზარტულ თამაშებს. ნებისმიერი განზრახვისა და მიზნისთვის აზარტული თამაში ბრაზილიაში უკანონოდ ითვლება, თუმცა კანონი რეალურად ჩამორჩენილია და თანამედროვე გამოწვევებს ვერ უმკლავდება. ამიტომ მოყვარულებს თავისუფლად აქვთ წვდომა აზარტული თამაშების ვებ-გვერდებთან.

უკრაინა

უკრაინაში აზარტული თამაშები აკრძალულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ონლაინ კაზინოებმა თავი შორს უნდა დაიჭირონ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ისინი აქ დაბლოკილი არ არის არც ბანკებისა და არც ინტერნეტპროვაიდერების მიერ. არც სასჯელია კონკრეტულად განსაზღვრული კანონის დარღვევის შემთხვევაში ოპერატორებისა და არც მოთამაშეებისთვის. არავის წინააღმდეგ არ დაწყებულა სისხლის სამართლის დევნა. აზარტული თამაშის მოყვარული უკრაინელები ამ საკანონმდებლო ხარვეზს კარგად იყენებენ და თამაშობენ როცა უნდათ და სადაც უნდათ ისე, რომ არანაირ საკანონმდებლო სანქციებს არ აწყდებიან.

კამბოჯა

კამბოჯას ისეთი უსამართლო რეგულაცია აქვს, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ტურისტებს აქვთ აზარტულ თამაშებთან წვდომა, მაშინ როდესაც ადგილობრივებს შეუძლიათ მხოლოდ შურის თვალით უყურონ როგორ ერთობიან უცხოელები ქვეყნის მდიდრულ კაზინოებში როგორც რეალურ, ასევე ინტერნეტ სივრცეში. ბევრი უგულებელყოფს მოქმედ კანონმდებლობას, სტუმრობს სალონებსაც და ვებ-საიტებსაც და ხშირად სამართალდამცველებისთვის შეუმჩნევლები რჩებიან. როგორც ჩანს ფულადი ჯარიმა და საპატიმროში რამდენიმე თვის გატარება მათ შესაშინებლად საკმარისი არ არის.

რუსეთი

აზარტულ თამაშებს რუსეთში დიდი “არა” უთხრეს თანაც არც ისე დიდი ხნის წინ, თუმცა ჯერ კიდევ არიან ოპერატორები, რომლებიც ბაზარზე შეღწევას ცდილობენ. ბევრი ჯიუტი ოპერატორი მტრულ გარემოში რამდენიმე წელია ძლებს. ქვეყნის ხელისუფლება მოცემულ მომენტში აქტიურად ბლოკავს ონალინ კაზინოებს, თამაშის შედეგად მოგებული ფულის ტრანზაქციებსა და იმ საიტებსაც კი, რომლებიც მომხმარებლებს თამაშებს არ სთავაზობს, მაგრამ გარკვეულწილად აზარტული თამაშების მსგავსია.

ჩინეთი

კონტინენტურ ჩინეთში კაზინოს თამაშები ნებადართული არ არის მის არც ერთ ფორმასა და გამოვლინებაში. ჰონგ კონგისა და მაკაოს გამოკლებით, რომლებსაც საკუთარი განკერძოვებული კანონმდებლობა აქვთ, სხვა ყველა ადგილას აზარტული თამაშები დანაშაულად ითვლება და კანონით ისჯება. ქვეყანაში თანაბარი დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ, ვისაც თამაშისას დაიჭერენ და ვინ ამ თამაშებს მოსახლეობას სთავაზობს. მიუხედავად ამისა ქვეყანაში მაინც ძალიან ბევრი ონლაინკაზინოა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურება.

თურქეთი

ონლაინკაზინოები და სხვა აზარტული თამაშები ქვეყანაში ოფიციალურად 2007 წელს აიკრძალა. ხელისუფლებამ ბანკებს, ინტერნეტპროვაიდერებსა და სხვა სააგენტოებს მოუწოდა შეაჩეროს არალეგალური ვებ-საიტების მოქმედება ნებისმიერი შესაძლო გზით. მათ ვისაც არ სურს, რომ ათასობით თურქული ლირა გადაიხადოს ჯარიმის სახით თუ მათ ონლაინ კაზინოს გამოყენებაში გამოიჭერენ, იყენებენ იმ მცირე რაოდენობის ონლაინსაიტებს, რომლებიც ჯერ კიდევ უშვებენ თურქ მოთამაშეებს.

ავღანეთი

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ლეგალური სისტემა, რომელიც ონლაინ კაზინოებს აკრძალავდა, მუსლიმებს შარიათის კანონით მაინც ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში ჩართვა და იქიდან მოგების მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავღანეთში ინტერნეტ სერვისები ფართოდ არ არის გავრცელებული, ამიტომ ადგილობრივ მოთამაშებბს ძალიან გაუჭირდებათ საიტებზე შესვლა ამის სურვილი რომც ჰქონდეთ.

საუდის არაბეთი

როგორც სხვა მუსლიმური ქვეყნები, აზარტულ თამაშებს ცოდვად მიიჩნევს საუდის არაბეთიც და ფიქრობს, რომ ის შეწყნარებული არ უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ აზარტული თამაშებით დაინეტერესებაში გამოგიჭერენ, სასამართლოს გადაგცემენ, შემდეგ კი ან საპატიმროში გაგიშვებენ ან საკმაოდ მაღალ ჯარიმას დაგაკისრებენ. საუდის არაბეთში ინტერნეტსივრცე ზოგადად მნიშვნელოვნად იფილტრება, ამიტომ ადგილობრივებს მხოლოდ იმ კონტენტთან აქვთ წვდომა, რომელიც ხელისუფლების მიერ დაშვებულია. ონლაინკაზინოები საუდის არაბეთში იგივენაირად განიხილება, როგორც პორნოგრაფია და ანტი-ისლამური ვებ-საიტები.

საქართველო

რაც შეეხება საქართველოს, იგეგმება “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში” შევიდეს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებზე დაწესდება ბარიერები, ხოლო აზარტული თამაშების სერვისები მიმართული იქნება უცხოელ ვიზიტორებზე. იგეგმება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრის შექმნა, რეესტრში შესულ პირებს კი, კაზინოებსა და ტოტალიზატორებში აღარ შეუშვებენ.

ბარიერებში ისიც იგულისხმება, რომ 25 წლამდე მოქალაქესაც აეკრძალოს აზარტული თამაშები, სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამა კი რელიგიური და სასწავლო დაწესებულებებიდან 100 მეტრის რადიუსში არ განთავსდეს. კანონპროექტი, საჯარო სექტორში მომუშავე პირთათვის და ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის ბენეფიციართათვის აზარტული თამაშების აკრძალვასაც უზრუნველყოფს.

ე.წ. ონლაინთამაშებთან დაკავშირებით დაგეგმილია, რომ ანგარიშსწორება მოხდეს მხოლოდ ბანკების საშუალებით და ყველანაირი ფსონი ოფიციალური საბანკო ტრანზაქციით დაფიქსირდეს. ასევე, დაიბლოკება ქართული ბარათების გამოყენებით გარე, უცხოურ საიტებზე ონლაინ თამაშები. ამასთანავე, პირს შესაძლებლობა ექნება, სასამართლოს მიმართოს და ამ გზით საკუთარი ოჯახის წევრი იმ პირთა სიაში შეიყვანოს, ვისაც აზარტულ თამაშებზე წვდომა შეზღუდული აქვს.

დატოვეთ კომენტარი