ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ძალადობა მართლმადიდებლობის სახელით – სად არის ხელისუფლება?

კონსტიტუციის იგნორირების, დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციის, ჟურნალისტების მასობრივი ცემისა და მოძალადეთა მიმართ ლოიალობის ფონზე, 5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ გადაიდო.

ერთი შეხედვით, სახელმწიფომ თითქოს სისუსტე აღიარა და განაცხადა, რომ ვერ დაიცავდა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა კონსტიტუციურ უფლებებს; თუმცა ხელისუფლების უმაღლესი პირების განცხადებებმა ბევრისთვის ისიც ცხადყო, რომ სახელმწიფომ, სინამდვილეში, ძალადობა არ შეაჩერა და მოძალადე ჯგუფებისა და საპატრიარქოს ინტერესების შესაბამისად იმოქმედა. პოლიტიკოსები და უფლებადამცველები 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ ნაწილად მიზანმიმართული გეგმისა, რომელიც საქართველოს დასავლური ორბიტიდან ჩამოშორებასა და პრორუსული გავლენების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სიძულვილის ჯგუფებმა დარბევა და თავდასხმები 5 ივლისს დილიდან დაიწყეს: სცემდნენ ადამიანებს , აშალეს პარლამენტის წინ მდებარე კარვები, ჩამოაგდეს ევროკავშირის დროშა, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ცდილობდნენ „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრასაც. ეს ყველაფერი თბილისში მართლმადიდებლობის სახელით, „ღირსების მარშის“ შესაჩერებლად ხდებოდა.

სიძულვილის ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო მედიასაშუალებების 50-მდე წარმომადგენელმა, მათ შორის ორი – რადიო თავისუფლების ჟურნალისტია. პოლიციას ადგილზე არცერთი მოძალადე არ დაუკავებია. უწყებამ მხოლოდ მოგვიანებით გააკეთა განცხადებები სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და დამნაშავეების დასჯის განზრახვის შესახებ.

დატოვეთ კომენტარი