ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

” ძალიან სამწუხარო იქნება თუ ადამიანები წამოეგებიან იმ მახეს, რომელიც ხელისუფლებამ გუშინ დააგო“-ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გუშინ თბილისში ჟურნალისტების თავდასხმასთან დაკავშირებული მოვლენები მოქმედი ხელისუფლების პასუხისმგებლობა და უმძიმესი შავი ლაქაა. როგორც ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ჟურნალისტებზე თავდასხმა თავისუფალი მედიისა და ჟურნალისტების დაშინების მიზანმიმართული მცდელობა იყო, რაც დაუსჯელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს.

„მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო იმ მოვლენებთან დაკავშირებით რაც გუშინ ჟურნალისტებთან დაკავშირებით განვითარდა. მინდა ვთქვა, რომ რასაც ჩვენ გუშინ ვუყურებდით იყო სამარცხვინო ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი. მინდა პირველ რიგში ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოვუცხადო და ვთქვა რომ 21-ე საუკუნეში ასეთი მასიური თავდასხმა ჟურნალისტებზე, არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. საომარი მოქმედებები ისე მთავრდება, რომ 30, 40 და 47 ჟურნალისტი არ არის დაზარალებული. გუშინ თბილისის ცენტრში ჟურნალისტების სასტიკი ცემა ამ ხელისუფლებისათვის უმძიმესი შავი ლაქაა და ეს მათი პასუხისმგებლობაა. სრულიად ნათელია, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა ჟურნალისტებზე, ეს იყო თავისუფალი მედიის და ჟურნალისტების დაშინების მცდელობა რაც დაუსჯელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს. მოვუწოდებ ყველას, რომ პირველ რიგში სოლიდარობა გამოუცხადოს ჩვენს ჟურნალისტებს და ამავდროულად მოვითხოვოთ ხელისუფლების დასჯა იმისათვის, რომ თავისუფალი მედიის წარმომადგენლებზე უპრეცედენტო შეტევა მოხდა. ეს არ იყო სპონტანური და შემთხვევითი, ეს იყო საგანგებოდ გაცემული ბრძანების შედეგი და ეს ბრძანება თავისუფალი მედიის დასჯაში მდგომარეობდა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, გუშინ თბილისში გამოყვანილი სამართალდამცავი სტრუქტურების რაოდენობამ და მათმა მუშაობამ, ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლებას დაპირისპირების თავიდან აცილება საერთოდ არ უნდოდა.

„რამდენადაც მე ვიცი ცალკეული სამართალდამცავები ცდილობდნენ ეს სამარცხვინო თავდასხმები აღეკვეთათ, თუმცა გუშინ სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაში და ქალაქში მათი იმ რაოდენობით გამოყვანა რა რაოდენობაც იყო, ნათლად აჩენს, რომ ხელისუფლებას საერთოდაც არ უნდოდა დაპირისპირების თავიდან აცილება. ხელისუფლებამ გუშინ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა, ოღონდ 20 ივნისისგან განსხვავებით არა სამართალდამცავების ხელით, არამედ მობილიზებული აქტივისტების ხელით. ყველამ ვიცით, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი რეგიონებიდან იყო ჩამოყვანილი და ეს გამოყენებული იყო როგორც ოპოზიციის განსხვავებული აზრის და მედიის დასჯის მექანიზმი. ლგბტქ თემა ხელისუფლებამ გამოიყენა, ისე, როგორც წინა არჩევნების დროს „გარეჯი საქართველოა“ გამოიყენა. გუშინ უკვე არაფერ შუაშია აღარ იყო ლგბტქ თემა, რადგან „პრაიდი“ უკვე აღარ ტარდებოდა და ეს გაცხადებული იყო. შესაბამისად, არანაირი დაპირისპირება უკვე აღარ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ხელისუფლებას უნდოდა, რომ საზოგადოებისათვის შთაეგონებინა, თითქოს და ის არის ქართული ფასეულობების დამცავი და ყველა დანარჩენი, ასე ვთქვათ სხვა ტიპის ფასეულობების დამცველია. აი ამის გათამაშება უნდოდა გუშინ ხელისუფლებას და ამ საფარქვეშ მან გამოიყენა და დასაჯა ჟურნალისტები, აიღო კარვები და ამავე საფარქვეშ შეეცდება ჩაატაროს არჩევნები. ძალიან სამწუხარო იქნება თუ ადამიანები წამოეგებიან იმ მახეს, რომელიც ხელისუფლებამ გუშინ დააგო“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ რომ, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა, სადაც იმყოფებოდა სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი. აქციის მიმდინარეობისას არაერთი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს.

დატოვეთ კომენტარი