ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისა და დარბევის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

პოლიციამ “თბილისი პრაიდი'”-ს ოფისში შეჭრის და დაზიანების გმო 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან 1992 წელს დაბადებულ გ.ე., 1998 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ა.ა. და 1992 წელს დაბადებულ გ.ო.

მათ ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევა ედებათ.

“სამართალდამცველთა მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა: გ.ე.-მ, ა.ა.-მ და გ.ო.-მ 5 ივლისს, ,,თბილისი პრაიდი”-ს ოფისის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწიეს ოფისის აივანზე, რასაც მოყვა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება. მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ადამიანების, კერძოდ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა დევნით იყო გამოწვეული. დაკავებული პირების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს”, – წერია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები.

დატოვეთ კომენტარი