ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ილიაუნის ლექტორის მკვლელობა – საქართველომ სტრასბურგში დავა წააგო

საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოფილი ქმრის მიერ, მარიამ წივწივაძის მკვლელობის საქმე წააგო.

საქმეზე მოსარჩელე პირი გარდაცვლილის დედა, თალიკო თხელიძე იყო.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაიცვა მოსარჩელე მხარის შვილი (მარიამ წივწივაძე) ოჯახში ძალადობისგან და საქმეზე ეფექტური გამოძიება ვერ აწარმოა.

“სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციას უნდა სცოდნოდა, რომ მოსარჩელეს შვილი საფრთხეში იყო. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ გაეტარებინათ შესაბამისი დაცვის ზომები, მათ ვერ შეძლეს გენდერული მოტივით ჩადენილი ძალადობის პრევენცია მოეხდინათ, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის უმოქმედობა შესაძლოა სისტემის მარცხად შეფასდეს. არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ჩატარებულიყო გამოძიება იმის დასადგენად, იყო თუ არა პოლიციის უმოქმედობის მიღმა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია”,-ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილმა ქმარმა უნივერსიტეტის მაშინდელი ლექტორი მარიამ წივწივაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, მოგვიანებით წივწივაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა უნივერსიტეტში მოხდა, რის შემდეგაც ქმარმა თავი მოიკლა.

მკვლელობამდე მარიამ წივწივაძემ, ყოფილი ქმრისგან მუქარისა და ძალადობის გამო პოლიციას არაერთხელ მიმართა, თუმცა სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

დატოვეთ კომენტარი