ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ლევან ვასაძე 5 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას კელი დეგნანს აკისრებს

ანტიდასავლური გზავნილი მოსკოვიდან – პუტინისტური ძალების ლიდერი და ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი ამერიკის ელჩის წინააღმდეგ გამოდის. ლევან ვასაძემ სპეციალურ მიმართვაში კელი დეგნანი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია და მხარდამჭერებს ამერიკის ელჩისა და სხვა დასავლელი დიპლომატების წინააღმდეგ გალაშქრებისკენ მოუწოდა.

გზავნილი მოსკოვიდან სამკურნალოდ წასულმა ლევან ვასაძემ საკუთარ facebook გვერდზე გააჟღერა. პარტია ერის ლიდერი დასავლურ სამყაროს და შეერთებული შტატების ელჩს რუსეთის დედაქალაქიდან კიდევ ერთხელ და ღიად უპირისპირდება. ვასაძე კელი დეგნანის მიმართ ამჯერად არც შეურაცხმყოფელ ტერმინებს მორიდებია.

ოკუპანტ ქვეყანასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ყოფილ ბიზნესმენს მალევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა უპასუხა. სტრატეგიული მოკავშირის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ მსგავსი გზავნილები რუსული რბილი ძალის გააქტიურების ერთ-ერთი კომპონენტია.

ლევან ვასაძის ინტერესები რომ რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება, ამაში ეჭვი არც ოპოზიციას ეპარება. შეტევა დასავლურ ინსტიტუტებზე, დემოკრატიასა და ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე მათთვის ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტიის დამფუძნებლის ალექსანდრ დუგინის ხელწერაა.

ვასაძის მხრიდან ამერიკის ელჩის მიმართ გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ წახალისებულს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობა. დეპუტატების განმარტებით, ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირის მიზანმიმართული დისკრედიტირება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

დატოვეთ კომენტარი