ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

,,ხმა დაყარეს, მედიკო გადაჭარბებული დოზით მოკვდაო” – იდუმალებით მოცული სიკვდილი

მედიკო მებურიშვილმა მხოლოდ 21 წელი იცოცხლა, მაგრამ  მასზე დღემდე ლეგენდებს ყვებიან. მისი ცხოვრებაც და ამქვეყნიდან წასვლაც იდუმალებით არის სავსე.

წლების წინ ჟურნალისტი ვახტანგ კობაიძე ,,კვირის პალიტრასთან” თავის იდუმალ მეგობარზე ყვებოდა. როგორც ამბობენ, მედიკო სიკვდილის წინა დღეებში მეგობრებს ცოტა დაბნეული და შეშინებული ეჩვენათ. გარეთ გასვლა არ უნდოდა. თუ გავიდოდა, მხოლოდ მეგობრების თანხლებით.

იმ დღეს კი მედიკო სახლიდან ერთმა ქალმა გაიყვანა. ორი ვაჟი ქუჩაში ელოდა. სინამდვილეში რა მოხდა, დღემდე არავინ იცის. ქალაქში ხმა დაირხა, მედიკო მებურიშვილი ლიფტში გადაჭარბებული დოზით გარდაცვლილი იპოვესო. ექსპერტიზაზე კი მის ახლობლებს ჩუმად უთხრეს: ,,ამ საქმეს მიხედეთ, თავში აქვს ჩარტყმული”.

სასამართლო პროცესზე მხოლოდ ის ქალბატონი – მანანა მგელაძე გაასამართლეს, რომელმაც მედიკო შინიდან გაიყვანა. ის ორი ვაჟი არ გამოცხადებულა. მანანას ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა ორ წელიწადში გამოუშვეს და იმავე წელს მაღაზია “ციცინათელაში” დაიწყო მუშაობა. ,,ციცინათელა” ვალუტის მაღაზია იყო და ასეთი მაღაზია უშიშროების სამსახურის გარეშე ვერ იარსებებდა.

გამოძიების სწორად წარმართვა მეგობრებისა და ოჯახის ძალებს აღემატებოდა. მედიკოს, როგორც ქალაქში ულამაზეს გოგონას, სამთავრობო დელეგაციებს ხშირად აეროპორტში ახვედრებდნენ. იქნებ რამეს შეესწრო და არასასურველ ინფორმაციას ფლობდა? ეს არავინ იცის. დღემდე საიდუმლოდ დარჩა.

მედიკოს ქარიზმა

მედიკო ზემელზე, პაპანინის ქუჩაზე დაიბადა. დედა ექიმი იყო, მამა – სტამბის დირექტორი. გოგონამ თავის ასაკთან შედარებით გაცილებით მეტი იცოდა. კარგად იცოდა რამდენიმე უცხო ენა.

იმ წლებისთვის შეუფერებელი სითამამითა და სილაღით გამოირჩეოდა. ცხენზე ამხედრებულს რუსთაველის გამზირზე ჯირითი შეეძლო. დადიოდა შარვლით, მეგობრობდა ვაჟებთან. ვრცელდებოდა უკმაყოფილოთა ჭორები ,,განგსტერ” გოგონაზე, რომელიც ,,იარაღს ატრიალებდა” და მასთან გაკარება საშიში იყო. გოგონაზე, რომელიც შილიფად ჩაცმული დადიოდა და ნარკოტიკებს მოიხმარდა.

“რაში სჭირდებოდა იარაღი, მთელი უბნის ვაჟები მას ვიცავდით. როგორ გავაქარწყლო ეს ჭორები? მედიკოს არც იარაღი ჰქონია და არც ნარკოტიკებთან ,,მეგობრობდა”, – უყვებოდა ,,კვირის პალიტრას” ბატონი ვახტანგი.

მედიკო მებურიშვილი 1968 წლის 14 აპრილს 21 წლის უნდა გამხდარიყო. 10 აპრილს კი დაკრძალეს. პროცესიას ზღვა ხალხი მიჰყვებოდა. თურმე ,,ამერიკის ხმამაც” კი გადასცა, თბილისში, ულამაზესი ქართველი ქალის დარძალვაზე არნახული ხალხმრავლობა იყოო!

დატოვეთ კომენტარი