სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

პლაკატების გაკვრისთვის ორი პირი დაჯარიმდება

დედაქალაქის ქუჩებში ჯერ ისევ გამოკრულია პლაკატები წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას“, რომლებიც 24 ივლისს გამოჩნდა.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მანანა თოქმაჯიშვილის ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაწყებულია პლაკატების ჩამოხსნის პროცესი, თუმცა „რთულია, რომ სწრაფად ყველა ქუჩა და კუთხე-კუნჭული მოიარო“.

რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პლაკატები მასობრივად იყო გაკრული დიდუბეში, ვაკეში, საბურთალოზე და ისანში. სოციალურ ქსელებში მოქალაქეები წერენ, რომ პლაკატები მათ სადარბაზოებსა და ლიფტებშიც არის გაკრული.

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა ორი პირი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პლაკატების გაკვრის პროცესში და ამახინჯებდნენ ქალაქის იერსახეს.

როგორც მანანა თოქმაჯიშვილმა გვითხრა, კანონდამრღვევი პირები უკვე გაფრთხილებული არიან, რომ „საჯარიმო ქვითრები უნდა ჩაიბარონ ხვალ (26 ივლისს)“. თუკი ისინი ქვითრების მისაღებად არ გამოცხადდებიან, „მათ ფოსტით გაეგზავნებათ“.

ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ჯარიმა 1000 ლარს უტოლდება.

თბილისში 24 ივლისის დილიდან გამოჩენილ პლაკატებზე დატანილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის – ნიკა გვარამიას, „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერის – ნოდარ მელაძის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი მფლობელის – დავით კეზერაშვილის, სამოქალაქო აქტივისტის – გიგა მაქარაშვილისა და „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელის – გიორგი თაბაგარის გამოსახულებები.

პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა.

დატოვეთ კომენტარი