სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ოპოზიციამ ერთობლივად უნდა მოითხოვოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება”-ნინო ბურჯანაძე

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ნათლად დაგვანახა, რომ მათი მთავარი ამოცანაა ნებისმიერი მექანიზმით, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის, მხოლოდ იმისთვის გამოყენება, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ გამოაცხადა, რომ დიქტატურაზეც წავა, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს.

„მე ვაფრთხილებდი ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ „ქართული ოცნება“ მათ ჩართულობას და მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას სათავისოდ გამოიყენებდა, რეალურად არაფერს შეასრულებდა და მხოლოდ შეეცდებოდა, რომ საკუთარი იმიჯი გამოესწორებინა. სწორედ ასე მოხდა – დღეს გვითხრეს, რომ თურმე არჩევნები არ გაყალბებულა, არც ოქმები შეცვლილა, ყველაფერი თურმე იდეალურად იყო არჩევნებზეც და ყველაფერში ხელისუფლებამ დაადანაშაულა ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ისინიც, ვინც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ტერმინებში ძალიან კარგად ვერკვევი და შესრულებულ დოკუმენტს ანულირებული არასდროს ჰქვია. ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს დოკუმენტი არ შეუსრულებია, მართლა ანულირება მოახდინა ამ ხელშეკრულების და თქვა, რომ თუ ხასიათზე იქნება, შეიძლება 53%-ის შემთხვევაში დანიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია მედიის, ოპოზიციის და ნებისმიერი განსხვავებული აზრის განადგურება. მისი თქმით, ამის შემდეგ, შესაძლოა, მმართველმა ძალამ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუმცა, ამას რეალური აზრი აღარ ექნება.

„ჩემი აზრით, ადგილობრივი არჩევნების ნაცვლად, ოპოზიციამ ერთობლივად უნდა მოითხოვოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. რეალური ოპოზიცია ვინც არის, ყველამ ყველანაირი განსხვავებულობის, წყენების და აღშფოთებების მიუხედავად, უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა და ვადამდელი არჩევნები მოვიპოვოთ. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა დიქტატურას გადაურჩეს“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე ასევე მიიჩნევს, რომ საჭიროა: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი; პარლამენტის დატოვება და “იმაზე უფრო უპრეცედენტო და კონსოლიდირებული ერთობა, ვიდრე 8 მარტი”.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

დატოვეთ კომენტარი