სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

„არ მესმის, რა საქმე აქვს ოპოზიციას პარლამენტში”-ნინო ბურჯანაძე

დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებ, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან, რომ ეს არის „გადაგდება“ და აბსოლუტური უპატივცემლობა არამხოლოდ საკუთარი ხალხის, არამედ დასავლეთის, ან თქვან, რომ თვალებს ხუჭავს ყველაფერზე, რადგან სამწუხაროდ, ხალხის აქტიურობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ვიდრე დასავლელი პარტნიორები არ დაინახავენ, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება იმას, რაც „ქვეყანაში ტრიალებს, განსაკუთრებით მწვავე რეაქციები მათი მხრიდან არ იქნება“.

„ვფიქრობ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, სილის გაწვნაა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. მესმის, რომ დასავლეთს, ახლა დიპლომატიური ენით საუბარი უნდა, მაგრამ დიპლომატიური ენით საუბარი და წაყრუება იმაზე, რაც მოხდა, ძალიან ძვირად დაუჯდება ჩვენს ქვეყანას, რადგან სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ვართ დამოკიდებული იმაზე, თუ რას იტყვიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ჩვენ თვითონ არ ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც ქართველების გასაკეთებელია. ეს უბრალოდ, კლასიკური „გადაგდებაა“, რაც „ქართული ოცნებისთვის“ საფირმო ნიშნად იქცა, ამ ხელისუფლებას სერიოზულად საერთოდ არავინ დაელაპარაკება. საუბარი იმაზე, რომ თურმე ეს იმიტომ გააკეთეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა, ისრების გადატანის მცდელობაა და სხვა არაფერი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი, მაგრამ სხვა პარტიებმა მოაწერეს ხელი და სხვა პარტიების ხელმოწერას თუ მნიშვნელობა არ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, მაშინ საერთოდ იგნორირება უნდა გაკეთებულიყო ამ დოკუმენტის და არც პარლამენტში არ უნდა შესულიყვნენ და გამარჯვებად არ უნდა გამოცხადებულიყო. რაღაც უცნაურ ხასიათს იღებს, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებ, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან, ან თქვან, რაც ჰქვია ამას, რომ ეს არის „გადაგდება“ და აბსოლუტური უპატივცემლობა არამხოლოდ საკუთარი ხალხის, არამედ დასავლეთის, ან თქვან, რომ თვალებს ხუჭავენ ყველაფერზე, რადგან სამწუხაროდ, ხალხის აქტიურობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ოლიგარქის ამ რეჟიმის წინააღმდეგ და ახლა ჩვენ ნაცვლად ბრძოლას არ აპირებენ.

ბატონმა მიშელმა უნდა აღნიშნოს, რომ უმეტესობა, რაც მის დოკუმენტში წერია, შესრულებული არ არის, ასე რომ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, მაგრამ ერთი რამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რა თქმა უნდა, დასაფასებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია, მაგრამ ვიდრე ისინი არ დაინახავენ იმას, რომ ქართველი ხალხიც არ ეგუება იმ უმსგავსობას, თაღლითობას, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ტრიალებს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მწვავე რეაქციები მათი მხრიდან არ იქნება“, – განაცახდა ბუჯანაძემ.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის გადაწყვეტილებას, პარლამენტში დარჩენასთან დაკავშირებით, ბურჯანაძე პასუხობს, რომ ახლა პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

„არ მესმის, რა საქმე აქვს ოპოზიციას პარლამენტში, იმ პარლამენტში, რომელმაც გამოაცხადა, რომ თურმე არჩევნები არ გაყალბებულა. მივესალმები ჯაფარიძის გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის ერთადერთი, სწორი გადაწყვეტილება. შეცდომა იყო შესვლა ამ პარლამენტში, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის – „გაპრავება“ „ქართული ოცნების“ გაყალბეული არჩევნებისა, რის შემდეგაც დავინახეთ კიდევ უფრო გათავხედებული „ქართული ოცნება“, რომელმაც ახლა გამოგვიცხადა ლამის იდეალურ სტანდარტად არჩევნები და გვითხრა, რომ ასევე ჩაატარებენ შემდეგ არჩევნებს. ვთვლი, რომ არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა პარლამენტში ოპოზიციის შესვლას და ამან მხოლოდ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ახლა პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ისეთ ვითარებაში, როგორიც დღეს ქვეყანაშია. ერთადერთი შანსი ქვეყნის გადარჩენისა და სწორ გზაზე დაყენების, ვადამდელი არჩევნებია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

დატოვეთ კომენტარი