სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

„ეს ხელისუფლება, აბსოლუტურად ყველა ცუდს, რაც გააკეთა წინა ხელისუფლებამ, იმეორებს”-ნინო ბურჯანაძე

მე კატეგორიულად ვგმობ იმას, რომ ამ ხელისუფლებას ვინმემ წინა ხელისუფლებაზე რაიმეთი უკეთესი უწოდოს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ წინამორბედისგან “ყველაფერი ცუდი გადმოიღო”.

„ეს ხელისუფლება, აბსოლუტურად ყველა ცუდს, რაც გააკეთა წინა ხელისუფლებამ, იმეორებს, უფრო ხვეწს და ეს ძალიან სამწუხაროა, მე კატეგორიულად ვგმობ იმას, რომ ამ ხელისუფლებას ვინმემ წინა ხელისუფლებაზე რაიმეთი უკეთესი უწოდოს. არაფრით წინა ხელისუფლებაზე უკეთესი არ არის, უარესია პირიქით იმიტომ, რომ წინ უნდა წავსულიყავით და უკან წავედით და თუ რამე კეთდებოდა იმ ხელისუფლების დროს იმასაც კი არ აკეთებენ. ცუდი გადმოიღეს ყველაფერი, ცუდი გაამყარეს, ცუდი გააღრმავეს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიები დაამარცხა და ახლა ოპოზიციურ მედიას ებრძვის.

მისივე თქმით, მსგავსი თავდასხმა მედიაზე ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც კი არ ყოფილა.

„ხელისუფლებამ გამოაცხადა კუდიანებზე ნადირობა და კუდიანებად წარმოაჩინა ჟურნალისტები. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ პოლიტიკოსები მოგვილია. ვისაც ვერ გვაჩუმებს, ისინი საკმაოდ დაგვასუსტა და ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა და პარლამენტში შელაგებულმა ჩვენმა კოლეგებმა ასევე დაგვასუსტეს, მათი წვლილიც არის ამაში.

ახლა მთავარი ამოცანაა, რომ მედია განადგურდეს, მედია დააშინონ, ახალგაზრდა გოგონებს, ახალგაზრდა ვაჟებს, ოპერატორებს თუ კორესპონდენტებს უბრალოდ შიში ჰქონდეთ, როცა ქუჩაში გამოდიან. ეს არ ყოფილა არცერთი ხელისუფლების დროს. ეს არ იყო იმ ხელისუფლების დროს, რომელსაც მართავდა ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე. იყო საგადასახადო შესვლა და ძალიან ძვირად დაუჯდა ხელისუფლებას, მაგრამ კუდიანებზე ნადირობა არ ყოფილა. ეს არ ყოფილა არც წინა ხელისუფლების დროს, სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მიუხედავად იმ უმძიმესი ინციდენტისა, რომელიც მოხდა “იმედში”, მაგრამ ასეთი ღია ომი გამოცხადებული, თავისუფალი მედიის და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ არ ყოფილა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დატოვეთ კომენტარი