სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

13 წელი აგვისტოს ომიდან

13 წელი აგვისტოს ომიდან  

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 13 წელი გავიდა; 2008 წლის რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; საქართველოს ტერიტორიაზე 263 598 დევნილია; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე. 

რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა.

“მცოცავი ოკუპაცია”, ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება. საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ.

რუსეთის სამზადისი აგვისტოს ომისთვის 

ჯერ კიდევ 2006 წლის მარტში სოფელ ჯავის მახლობლად, რუსეთმა სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო. მომდევნო 2 წელში მას კიდევ 2 ბაზა დაემატა, რომელთანაგანაც ერთ-ერთი, უგარდანთას ბაზა ის ადგილია, სადაც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთიდან შემოჭრილი სამხედრო ძალები განთავსდნენ. 2008 წლის ივლისშივე, ცხინვალში, რუსი სამხედრო ექიმების ჯგუფიც დაბანაკდა. 

აგვისტომდე, ჯერ კიდევ 2008-ის აპრილიდან-ივლისამდე, ცხინვალის რეგიონში ბაზების მშენებლობის პარალელურად, აფხაზეთში რუსეთმა 500-ზე მეტი ჯარისკაცი და არტილერია გადაისროლა.

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების პარალელურად, მაშინ როცა რუსეთს მოქმედებაში მოჰყავს სამხედრო ძალა, დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, ამასთან, ბუქარესტის სამიტიზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებოდნენ. რუსეთისთვის ეს გახდა საბაბი, სამხედრო მოქმედებები დაეწყო.

ვინ დაიწყო ომი?! – ამ უსაგნო დავას პუტინის ეს სიტყვები უსვამს წერტილს: “გეგმა გვქონდა და ამ გეგმით ვმოქმედებდით, ეს საიდუმლო არ არის. ადრეც მითქვამს, გენერალურმა შტაბმა მოამზადა და დავამტკიცე 2006 წლის ბოლოს ან 2007-ის დასაწყისში. ჩემი აზრით, სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა რუსული მხარე, ამ გეგმით ვამზადებდით სამხრეთოსურ სახალხო ლაშქარსაც… ეს გეგმა ჩემთან შეთანხმებული იყო”.

დასავლეთში სწორედ 2008 წელს და მის შემდგომ შეთანხმდენენ, რომ რუსეთს, საქართველოში ინტერვენციით, ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა სურდა.

დატოვეთ კომენტარი