სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს

ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს, წყალტუბოში მცხოვრები, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ახმეტის მკვიდრმა, ვასილ ცოცხალაშვილმა, იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.

კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, გვერდით მყოფი, ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი კი დაიჭრნენ.

პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

პოლიციამ, ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავა.

ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინეს.

გამოძიება ჯანგირაშვილს, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს.

ზვიადაურის ადვოკატები, წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა, თავად ზვიადაურიც და ის ბრალს არ აღიარებს.

ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონისათვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, სასამართლოში, სავარაუდოდ, ხვალ განიხილება.

დატოვეთ კომენტარი