სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

წინანდლის ტყეში მომხდარი სამმაგი მკვლელობის დეტალები

16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის შესახებ უამრავი ვერსია ვრცელდება. ორშაბათს, დილის საათებში, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სამშენებლო ობიექტზე შეხვდნენ. ვასილ ცოცხალაშვილმა საკუთარ მშენებლობაზე ხელოსნად დასაქმებულ ნიკა კენჭოშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. 

კამერის მიღმა ადგილობრივები ყვებიან, რომ კონფლიქტი ცოცხალაშვილსა და კენჭოშვილს შორის რამდენიმე თვით ადრე, ხელფასის გამო დაიწყო.

ძმები ზვიადაურების ბავშვობის მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი სამშენებლო კომპანიას ფლობდა, რომელსაც დავა მშენებლობაზე დასაქმებულ ნიკა კენჭოშვილთან ჰქონდა, იმ მიზეზით რომ ცოცხალაშვილი საკუთარ ობიექტზე დასაქმებულ კენჭოშვილს კუთვნილ ფულს არ უხდიდა.

ამ ხნის განმავლობაში ვასილ ცოცხალაშვილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, თელავში ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა და იეჭვა, რომ ნიკა კენჭოშვილი მის წინააღდეგ სხვა მუშებსაც განაწყობდა. კონფლიქტი გამძაფრდა და მეგობრის მხარდასაჭერად  დაპირისპირებაში ძმები ზვიად და ზურაბ ზვიადაურები ჩაერთნენ.

ადგილზე ნიკა კენჭოშვილის რამდენიმე მეგობარი და ვასილ ცოცხალაშვილის 10-ზე მეტი მხარდამჭერი იყო, მათ შრის ძმები ზვიადაურები. 

მომხდარის შემდეგ ვრცელდება ვერსია იმის შესახებაც რომ ჩხუბის დროს, პირველმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჰაერში ისროლა, რის შემდეგაც ნიკა კენჭოშვილმა საკუთარი იარაღი თავისივე მანქანიდან ამოიღო და საპასუხოდ ისროლა.

ნახევრადავტომატური იარაღის გასროლის შედეგად, კენჭოშვილმა 2 ადამიანი სასიკვდილოდ, 2 კი მსუბუქად დაჭრა.

მას შემდეგ კი რაც კენჭოშვილის ნასროლი ტყვია ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმას მოხვდა,  ჩემპიონი კენჭოშვილს მივარდა და საკუთარ მანქანასთან მდგარს მიბჯენით გულსა და მხარში ესროლა.

ამის შემდეგ ოლიმპიურმა ჩემპიონმა დაჭრილი ძმა და  ვასილ ცოცხალაშვილი  ავტომობილში ჩასვა და კლინიკაში წაიყვანა. დაჭრილი კენჭოშვილი კი მეგობრებმა მისივე  ავტომობილით თელავის საავადმყოფოში მიიყვანეს. 

ორი ცეცხლსასროლი იარაღი ოლიმპიურმა ჩემპიონმა პოლიციის განყოფილებაში თავად მიიტანა. საქმეში არსებული მესამე  იარაღი, რომლითაც ნიკა კენჭოშვილმა ზვიად ზვიადაური მოკლა, დანაშაულის ადგილზე  სამართალდამცავებმა მომხდარიდან სამი დღის შემდეგ იპოვეს.

ის რომ მომხდარს ათობით მონაწილე ჰყავს, ამაზე გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ოლიმპიურმა ჩემპიონმაც ისაუბრა. ჩნდება იმის ეჭვიც, რომ საქმეში გაცილებით მეტი იარაღი იყო ფიგურირებს.

დატოვეთ კომენტარი