სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დაიწყება სკოლებში დასწრებული სწავლება


დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის 80%-ის აცრის შემთხვევაში, სკოლებში დასწრებული სწავლება დაიწყება.

გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დღევანდელი ეპიდსიტუაციის პირობებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს.

“ჩვენი მონაცემებით, სკოლის პედაგოგების 30%-ია აცრილი. თუმცა, განათლების სამინისტრომ ჩაატარა გამოკითხვა და ამბობენ, რომ ეს მონაცემი არის 40%-მდე. უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს, თუ იქ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ, 80% იქნება აცრილი.

ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლება. თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნა, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყების თაობაზე,”- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

დატოვეთ კომენტარი