სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ნინო ბურჯანაძე და ქართული პოლიტიკის ანა-ბანა

 ქრთული პოლიტიკა არ არის გამოცდილი პოლიტიკოსებით განებივრებული და ვინც არის მათაც ებრძვიან ერთ-ერთი გამოცდილი პოლიტიკოსი უდავოდ არის ნინო ბურჯანაძე. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ საწინააღმდეგო პოლიტიკური ძალებიდან მის მიმართ გაისმის მძაფრი უარყოფითი განცხადებები, კომპრომატების შეკოწიწების მცდელობა, მის წარსულ ქმედებებში ისეთი ეპიზოდების გამოვლენა, რომლითაც შესაძლებელია ამ პოლიტიკოსის დისკრედიტირება და პოლიტიკური კაპიტალის შემცირება. აქედან გამომდინარე, წინა პლანზე იწევს მოსასმენად არცთუ სასიამოვნო ისტორიები პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს ღამით სიცივეში საპროტესტოდ დამჯდარი ოპოზიციონერებისთვის ბურჯანაძის მიერ პლედების მიუწოდებლობისა და 7 ნოემბერს პოლიციის მიერ ოპოზიციის მიტინგისა და ტელევიზიის დარბევისას სახელისუფლო პოლიტიკის მხარდაჭერის შესახებ და ასე შემდეგ.

სამაგიეროდ, მიჩქმალულია იმავე 7 ნოემბერს ბურჯანაძის მიერ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით პოლიციის მიერ დევნილი მომიტინგეებისთვის პარლამენტის კარების გაღება მათ შესაფარებლად, იმავე საღამოს მისივე დიდი ძალისხმევით ოპოზიციაზე გამწარებული შურისმაძიებელი ნაცების ხროვის დაშლა, სააკაშვილის ქვეყნის დამღუპველი საომარი ავანტიურიზმის უამრავჯერ შეჩერება, სახალხო ლაშქრის ”მონადირის” ყოვლად უპასუხისმგებლოდ განიარაღების მიზნით შეიარაღებული ძალებით კოდორის ხეობაში შეჭრისას ძმათა შორის კონფლიქტის ესკალციის თავიდან აცილებაში დიდი წვლილის შეტანა.

პოლიტიკური კარიერა, უპირველესად, არის საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების ასპარეზი. დიახ, ბურჯანაძე მიზანდასახულად იმყოფებოდა ნაციონალების გუნდში და მისი რაციონალური აზროვნებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიანაც არ ეპიტნავებოდა დამთხვეულ სააკაშვილთან ყოფნა და მის დანაშაულებრივ პოლიტიკაზე პასუხისმგებლობის გაზიარება, მაგრამ მოთმინებით ელოდა იმ დროს, როცა სააკაშვილი ჩაამთავრებდა თავის ორ საპრეზიდენტო ვადას, რის შემდეგაც ყველანაირი ლოგიკით უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი. ნუ დავივიწყბთ, რომ ანალოგიურად წამოიჩიტა სააკაშვილი შევარდნაძის ხელში და როცა მოძლიერდა, თავის გამზრდელი ზურგში დარტყმით წააქცია და ასე მოიპოვა პირველობა. ქართველმა ხალხმა კი ამგვარი პიროვნება 97%-ით აირჩია. განა დანარჩენთათვის, ვინც მისი პოლიტიკური მხარდამჭერი იყო, ეს იქნებოდა დავითაშვილი, უსუფაშვილი, ხიდაშელი, ძიძიგური, კუკავა, ხაინდრავა თუ ყველა სხვა, ვინც აქტიურობს ამჟამინდელ პოლიტიკურ სარბიელზეც, უცნობი იყო, თუ რა დაულაგებელი ფსიქიკის მატარებელი იყო სააკაშვილი, რომლის ყველაზე ზუსტი შეფასება გააკეთა ჯერ კიდევ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის აღმასვლის წინ იმ დროისთვის კარგად ნაცნობმა პოლიტიკურმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა თემურ მირიანაშვილმა, როცა მას პირდაპირ საჯაროდ მიახალა – ყველამ იცის, რომ თქვენ ცნობილი ნომრიანი გიჟი ხართო. ტელევიზიით ამ სიუჟეტის ნახვისას ყველანი გულიანად ვიცინოდით და შინაგანად ამ სიტყვების მოსმენის გამო პროტესტის გრძნობა უმრავლესობას არც გაგვჩენია, რადგან ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ეს სიმართლე იყო. ჰო, და, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილი დღევანდელი სოლიდური პოლიტიკოსები იმ დროს შეგნებულად სააკაშვილის ერთგული თანამოაზრეები იყვნენ და დღეს ამის გამო სირცხვილის გრძნობა დიდად არ აწუხებთ.

გახსოვთ, ალბათ, როცა ივანიშვილმა 2011 წლის 7 ოქტომბერს პოლიტიკაში მოსვლის განცხადება გააკეთა, ერთ-ერთი პირველი კრიტიკული გამოსვლა მის წინააღმდეგ რესპუბლიკური პარტიის მძიმეწონოსანის ლევან ბერძენიშვილისა იყო, დაახლოებით ამ შინაარსისა – გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ოლიგარქებს საქართველოში პოლიტიკური წარმატების შანსი არა აქვთ და ივანიშვილის მცდელობაც ფუჭი იქნებაო, მაგრამ, როცა ორიოდე დღეში ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელები თავის მთავარ პოლიტიკურ პარტნიორებად გამოაცხადა, ბერძენიშვილს ეს სიტყვები უეცრად შარშანდელი თოვლივით დაავიწყდა და თავის პოლიტიკურ ჩანგს ივანიშვილის დითირამბების მღერა დააწყებინა. უბრალო, პატიოსან ადამიანს, დამეთანხმებით, რომ შერცხვებოდა ამგვარ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნისა და ბოდიშს მაინც მოიხდიდა, მაგრამ ბერძენიშვილს ამის გამო შუბლის ძარღვიც არ შეტოკებია, რადგან პოლიტიკოსია და პოლიტიკური მიზანშეწონილობით მოქმედებდა.

გია თვალავაძე – ლოგოსი

24.08.2013 წელი for.ge

დატოვეთ კომენტარი