სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

არჩევნების გადადების მოთხოვნა ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი არჩევნების გადადების ინიციატივაში ენმ-ს “კვალს” ხედავს და ტრადიციუალდ ყველაფერს ოპოზიციას უკავშირებს. პაპუაშვილსი აზრით, ნაციონალური მოძრაობის ეს “კამპანია” სამ ამოცანას ემსახურება მაშინ, როდესაც მისივე თქმით, პანდემიის 2 წლის განმავლობაში მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა 

ჩვენ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა გეგმავს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას, ვინაიდან მათივე მონაცემებით, მათ ამ არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ გააჩნიათ. დღეს ყველა ვხედავთ, რომ მათ დაწყებული აქვთ არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია, საბაბად კი პანდემიას იშველიებენ. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას, რამდენიც არ უნდა ისპეკულირონ თითქოსდა მათ მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ. ჩვენ პანდემიის თითქმის ორწლიან პერიოდში ვხედავდით ნაციონალური მოძრაობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ეპიდსიტუაციის და მათ შორის რეგულაციების მიმართ. რატომღაც მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიის პირობებში ცხოვრობს.

ნაციონალური მოძრაობის კამპანია სამ ამოცანას ემსახურება. საჭიროების შემთხვევაში წინმსწრებად ჰქონდეთ მომზადებული საბაბი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად, მეორე – არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, გარდაუვალი მარცხის შემდეგ გამოაცხადონ, რომ ეს მარცხი მძიმე ეპიდვითარებამ გამოიწვია და თითქოს ჩატარებული არჩევნები მოსახლეობის ნებას სრულფასოვნად არ გამოხატავს; მესამე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აწარმოონ მადისკრედიტირებელი კამპანია ხელისუფლების მიმართ, თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ამის გამო არ ვდებთ არჩევნებს – ამბობს პაპუაშვილი

არჩევნების გადადების ინიციატივით სახალხო დამცველი გამოვიდა. მას შემდეგ “ქართულ ოცნებას” ერთი მესიჯბოქსი აქვს – რომ ნინო ლომჯარია ენმ-ს ინტერესებით მოქმედებს და ოპოზიციის პოზიციას ახმოვანებს. მმართველ გუნდში, საგანგაშო ეპიდვითარებისა და ყოველდღიურად უამრავი ადამიანის სიკვდილის მიუხედავად, არჩევნების გადადების აუცილებლობას ვერ ხედავენ.

დატოვეთ კომენტარი