სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

აცრა ცოდვა კი არა, სამოქალაქო ვალდებულება-სალომე ზურაბიშვილი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი მისალოც წერილს ავრცელებს. პრეზიდენტი ულოცავს საზოგადოებას ამ დღესასწაულს და თავის წერილში ყურადღებას იმუნიზაციის პროცესზე ამახვილებს.

სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს ყველას, გაიკეთონ აცრა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს. იმის ფონზე, რომ ქვეყანაში სიკვდილიანობა მაღალია.

პრეზიდენტის თქმით, იმუნიზაცია არის სამოქალაქო ვალდებულება და დღევანდელ დღეს პატრიოტიზმის უდიდესი გამოხატულება.

“აცრაზე უარის თქმა სხვებსაც უქმნის საფრთხეს და დღეს უკვე ვხედავთ, რომ ეს საფრთხე ჩვილ ბავშვებსა და ორსულ ქალებს, ანუ ჩვენი ქვეყნის მომავალს ემუქრება. არ შეიძლება არ დავინახოთ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ეს ჩვენი ქვეყნისა და მისი დემოგრაფიული მდგრადობისთვის.
 
არ შეიძლება არ გავიმეორო თუ რამდენად აუცილებელია აცრა, რამდენად გვიცავს ის დაავადების, ინფიცირების შემთხვევაში, მძიმე გართულებებისა და გარდაცვალებებისგანაც კი.
 
არ შემიძლია არ ვიფიქრო, რომ უარყოფითი პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და ცრუ შიშებს ბადებს, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშავდება და ვრცელდება.
 
ამიტომ  მიმაჩნია, რომ როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მაქვს განსაკუთრებული მოვალეობა დაგარწმუნოთ ყველა: ერი და ბერი, ექიმი და ექთანი, პედაგოგი და სტუდენტი, დიდი და პატარა, რომ აცრა ცოდვა კი არა – სამოქალაქო ვალდებულებაა და დღევანდელ დღეს პატრიოტიზმის უდიდესი გამოხატულებაა! თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების თავისუფლებას,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი