სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ტრაგედიაა, რომ “ნაციონალური მოძრობა” კვლავ მთავარი ოპოზიციური პარტიაა-ირაკლი ღარიბაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას 19 აპრილის დოკუმენტზე ხელის მოწერის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი იყო, “ქართულმა ოცნებამ” შეთანხმების შემდეგ დაიწყო იმ ვალდებულების შესრულება, რაც დოკუმენტში იყო გაწერილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” დესტრუქციაში დაადანაშაულა.

“გავიგეთ, რომ მორიგი პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს. ეს ძალიან მარტივი ასახსნელია. ჩვენ 3 თვის განმავლობაში ველოდით მათ ხელმოწერას. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც კომპრომისზე წავიდა და გადავდგით ნაბიჯი ჩვენი ევროპელი პარტნიორების პატივისცემის დასადასტურებლად. ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, პოლარიზებული საზოგადოების დამშვიდება. რა მივიღეთ ხელმოწერის შემდეგ? – “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ყველა იმ ვალდებულების შესრულება, რასაც დოკუმენტი ითვალისწინებდა და ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი იყო. “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი ხელი არ მოაწერა.

ვნახეთ, რომ ჩვენი მთავარი ოპოზიციური პარტიისგან, არავითარი კომპრომისი არ ყოფილა. მათ გააგრძელეს საბოტაჟი, დესტრუქცია და რეალურად მათი მხრიდან არაფერი შეიცვალა. არც შეიცვლება, ვის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა, მელია შეიცვლებიან და ჰუმანურები გახდებიან, ეს ხომ აბსურდია. 

ჯერ კიდევ ტრაგედიაა, რომ ისინი კვლავ მეორე ოპოზიციური პარტიაა, ეს სირცხვილია. კატასტროფის ტოლფასია ის, რომ მოქალაქეების ნაწილი, ჯერ კიდევ მხარს უჭერს ამ ჯალათებს და მკვლელების კორპორაციას,”- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი