სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

29 დღე დარჩა…ან ვიქნებით დასავლურ სივრცეში, ან ვიქნებით დასავლეთს მიღმა – ნიკა მელია

“29 დღე დარჩა გამარჯვებამდე” – ამ სიტყვებით მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, ფოთში შეკრებილ ამომრჩეველს, სადაც საერთო ოპოზიციური კანდიდატები წარადგინეს. 

როგორც ნიკა მელია ამბობს, სწორედ 29 დღე დარჩა, იმისთვის, რომ ქვეყანას ოლიგარქიული რეჟიმი მოაცილონ:

“29 დღე დარჩა ამ ქვეყნის განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადასადგმელად, ანუ – გამარჯვებამდე. 29 დღე დარჩა უტიფრობის დასრულებამდე, რომელიც დღენიადაგ, როგორც ნიაღვარი მომდინარეობს ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან. 29 დღე დარჩა, რომ შანსი გავუჩინოთ საქართველოს მოქალაქეს, რომ ამ ქვეყანაში, სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის განვითარებული სახელმწიფოს საფუძველი შევქნათ და შემდეგ დავაშენოთ ის რაც ჩვენი წინაპრებისა და თანამედროვე ქართველების სურვილია”, – ამბობს ნიკა მელია.

მელიას თქმითვე “ამ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს ხალხი და ვერცერთი მილიარდერი, რამდენი მილიარდიც არ უნდა ჰქონდეს მას, რამდენადაც აბუჩად არ უნდა იგდებდეს საქართველოს მოქალაქეს” ამას ვერ შეცვლის.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, არჩევნებისთვის, განსხვავებული ადამიანები “ერთ მუშტად უნდა შეიკრან” საერთო მიზნის გარშემო. 

“ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ ან ვიქნებით დასავლურ სივრცეში, ან ვიქნებით დასავლეთს მიღმა”, – თქვა მელიამ.

მან ასევე, ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ მძიმე კოვიდვითარებაზე, უმუშევრობასა და ერთპიროვნულ მმართველობაზე.

დატოვეთ კომენტარი