ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ჩინური ტელეფონები არ შეიძინოთ და რაც უკვე გაქვთ, გადააგდეთ” – ლიტვის თავდაცვის სამინისტრო

ლიტვის თავდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს, თავი აარიდონ ჩინური მობილური ტელეფონების შეძენას და უკვე მფლობელობაში არსებული სმარტფონები სასწრაფოდ მოიცილონ თავიდან. 

სამინისტროს განმარტებით, მსოფლიოს უმსხვილესი ტელეფონების მწარმოებლის, Xiaomi-ს სმარტფონებს პროგრამულად ჩაშენებული აქვთ ცენზურა, რომელიც ავტომატურად ბლოკავს შემდეგ ფრაზებს: “გაუმარჯოს ტაივანის დამოუკიდებლობას”, “დემოკრატიული მოძრაობა” ან “თავისუფლება ტიბეტს”.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა პირდაპირ თანხვედრაშია კომუნისტური მთავრობის პოლიტიკასთან. ამ ფრაზების საჯაროდ წარმოთქმა ჩინეთში ნაწილობრივ აკრძალულია, რადგან, კომუნისტური პარტიის წევრების განმარტებით, ისინი “არასწორ” პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავენ.

გარდა ცენზურისა, ლიტვის თავდაცვის სამინისტრო ჩინურ კომპანიებს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის ჩინეთის მთავრობასთან გაზიარებაში ადანაშაულებს. ამ პოზიციას იზიარებს აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურებიც, რის გამოც Huawei, Xiaomi და ZTE ე.წ. შავ სიაში არიან.  

ეროვნული კიბერ ცენტრის ანგარიშით, Xiaomi-ის სმარტფონი სინგაპურის სერვერზე აგზავნიდა დაშიფრულ ინფორმაციას მომხმარებლის აქტივობების შესახებ.

ჩინური კანონმდებლობის თანახმად, მთავრობის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერი ჩინური კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ გადასცეს მთავრობას ნებისმიერი სახის ინფორმაცია მომხმარებლების, პროდუქტებისა და სტატისტიკის შესახებ, მათ შორის მომხმარებლების ძებნის და აქტივობის ისტორიაც კი. 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის კანონმდებლობა შეუძლებელს ხდის ინფორმაციის დაცულობის გარანტირებას და ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. 

წყარო – ტაბულა

დატოვეთ კომენტარი