ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

„ქართული ოცნება“ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება-ნინო ბურჯანაძე

სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. დაიჭერს უი, არ დაიჭერს – ვაი. დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ და ეს მათ ძალიან კარგად იციან, – ასე შეაფასა “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების საკითხი.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განმარტა, არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკურ სივრცეში სერიოზულ რყევებსა და მოძრაობებს გამოიწვევს.

„ასე რომ, მათთვის ეს პრობლემაა. ინერვიულოს ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გვანერვიულა და გვანერვიულეს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, 30%-იანი ლიდერის ყოფნა საქართველოში იმ ვითარებაში, როდესაც „ქართულ ოცნებაში“ აბსოლუტური არეულობაა, როდესაც ეს არჩევნები არის გადამწყვეტი, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც რთულ პოლიტიკურ სივრცეში სერიოზულ რყევებსა და მოძრაობებს გამოიწვევს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. „ქართული ოცნება“ ამისთვის მზად არ არის“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დასაცინი ნამდვილად არ არის.

„ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობის 30% უჭერს მხარს, ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი საკითხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი თემაა. ასე რომ, რაც არ უნდა დაცინვით ისაუბრონ ხელისუფლების წარმომადგელებმა, შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, კრიტიკულად იყო განწყობილი და ა.შ. მაგრამ, ფაქტორის იგნორირება პოლიტიკოსისთვის ყველაზე დიდი შეცდომაა. ისე, ღარიბაშვილის დასაცინი მიშა სააკაშვილი ნამდვილად არ არის, არცერთ შემთხვევაში, რაც არ უნდა გააკეთოს. უბრალოდ, უხერხულია, როდესაც პრემიერ-მინისტრი ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს.

რაც შეეხება ბილეთს, ვერავის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მით უფრო სააკაშვილის ნაცვლად, მაგრამ ვფიქრობ, მან უკვე ისეთი ნაბიჯები გადადგა, ახლა პრაქტიკულად, 99% გამოვრიცხავ იმას, რომ თავის ჩამოსვლაზე უარი განაცხადოს. წარმოუდგენელი მიზეზი თუ არ იქნება, ეს უბრალოდ აუხსნელი იქნება. ისეთი განცხადება გაკეთდა, რომ, როგორც ჩანს, მას ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის დრო პოლიტიკურად სწორად აქვს შერჩეული. ნინო ბურჯანაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი არჩევნების პროცესში რომ ჩამოსულიყო, მისი ჩამოსვლა გარკვეულ ხმაურთან იქნებოდა დაკავშირებული და არჩევნების პროცესის ხელის შეშლა იქნებოდა.

ამასთან, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, არცერთი „ჭკუათმყოფელი პრემიერი“ ისეთ განცხადებას არ გააკეთებდა, რაც დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„აბსოლუტურად უგუნურები არიან დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამ განცხადებას რომ პრემიერი გააკეთებს -„ის თუ ამდენ ხალხს გამოიყვანს, მე ამდენს დავახვედრებო“, ეს პირდაპირ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ ქვეყნის წაყვანაა. ამაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ღარიბაშვილს დაეკისრება. უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქმე აქამდე მიიყვანა. იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ახლა ქვეყანა არის ჩავარდნილი, მართლა ყველაფერი სჯობს იმიტომ, რომ კატასტროფულ ჭაობში, კატასტროფული სიბნელისკენ მივდივართ. მე ნამდვილად ვერ გავჩერდებოდი საზღვარგარეთ და ვერც გავჩერდი. არც მიკვირს გადაწყვეტილებები, რომელიც მოვისმინე“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია გაცილებით მწვავე იქნება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შემთხვევაში იყო.

„ისეთი საქმეებია აღძრული და ისეთი სასამართლოა, რომელიც აბსოლუტურად დისკრედიტირებულია. დისკრედიტირებულ, პოლიტიზირებულ და ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლოს „ვარდების რევოლუციის“ ლიდერს არ გაასამართლებინებენ“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ მარტივ მამრავლებად დაიშლება და ეს უბრალოდ დროის საკითხია. ნინო ბურჯანაძე არჩევნების გაყალბების შემთხვევაში გამორიცხავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% აიღოს.

დატოვეთ კომენტარი