იანვარი 29, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების დავალება მისცა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს დავალება მისცა, რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოს „პერსონა ნონ გრატად“ იმ 10 ქვეყნის ელჩები, რომლებმაც თურქი აქტივისტის, ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს. აღნიშნულ ელჩებს შორის თურქეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის მისიების ხელმძღვანელებიც არიან. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს მივეცი საჭირო განკარგულება და განვაცხადე, რა უნდა გაკეთდეს: ეს 10 ელჩი დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს „პერსონა ნონ გრატად“. ისინი შეიცნობენ თურქეთს,“- აღნიშნა ერდოღანმა.

10 ქვეყნის ელჩებმა, რამდენიმე დღის წინ გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ბიზნესმენი ოსმან კავალა თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს. მას თავდაპირველად ბრალად ედებოდა 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტთან და შემდგომ არეულობებთან კავშირი. გასულ წელს მას 2013 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებები მოუხსნეს, თუმცა წელს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და დაკავებულის წინააღმდეგ დაემატა ახალი საქმე, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.

დატოვეთ კომენტარი