დეკემბერი 6, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რა ხდება, თუ “ოცნება” თბილისს კარგავს – უდრის თუ არა ხუთი ექვსს?

არჩევნების მეორე ტურის წინ, დედაქალაქში კოალიციური მთავრობის შეთავაზებით, ნიკა მელიამ თბილისელებს უთხრა, რომ – 30 ოქტომბერს, საარჩევნო ბიულეტენში 5-იანის შემოხაზვით, ისინი ხმას აძლევენ არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ – ერთბაშად 6 პარტიის კოალიციურ მმართველობას.

თუკი ენმ-ის ლიდერი და კანდიდატი, ნიკა მელია თბილისის მერი გახდება, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ საქმე კოალიციური პრინციპით შერჩეულ მოადგილეებთან, მერიის სამსახურის უფროსებსა და გამგებლებთან ერთად გააკეთოს.

მელიას გარშემო შეკრული კოალიციის მიზანია, რომ თანამდებობებზე დანიშნოს 6 სხვადასხვა პარტიის 30-მდე წარმომადგენელი.

  • რა შეიძლება მოხდეს დედაქალაქში ადგილობრივი მმართველობის დონეზე, თუკი თბილისი ნიკა მელიას აირჩევს?
  • რამდენად შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით, რომ მელიამ, გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის აღმასრულებელი ხელისუფლება კოალიციაში შემავალი კანდიდატებით დააკომპლექტოს?
  • რა შანსი აქვს ოპოზიციის ახალ ინიციატივას?

„კარუსელი“ 3-3 თვით

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების ერთი ნაწილი ოპოზიციის ახალ ინიციატივას „სახლობანას“ თამაშს, უტოპიას უწოდებს, სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერს და კოალიციის წარმომადგენლებს კანონების წაკითხვას ურჩევს.

რას ამბობს კანონი?

„თვითმმართველობის კოდექსის“ მუხლების გაანალიზებით იოლად მისახვედრია, რომ ნიკა მელიას, გამარჯვების შემთხვევაში, საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას რეალური ბარიერები შეხვდება.

  • მერის პირველი მოადგილის, სხვა მოადგილეების, სამსახურის უფროსებისა და გამგებლების კანდიდატურები საკრებულომ უნდა დაამტკიცოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით („არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით“);
  • იმის გამო, რომ თბილისის 50-წევრიან საკრებულოში „ოცნებას“ უმრავლესობა ექნება (ამ ეტაპისთვის მას უკვე აქვს 28 მანდატი და კიდევ ერთი მანდატისთვის მეორე ტურში იბრძოლებს) – თეორიულად ის შეძლებს ოპოზიციონერი მერის მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატურის ჩაგდებას.

თუმცა, ამავე კანონის თანახმად, ნიკა მელიას, შესაძლებლობა ექნება, რომ მორიგეობით, 3-3 თვით მაინც დანიშნოს მისთვის სასურველი კანდიდატები მოვალეობის შემსრულებლებად, ხოლო ყოველ სამ თვეში საკრებულოებს ისევ ახალი კანდიდატები წარუდგინოს.

ასე შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებლად და თუკი ოპოზიციონერ მერს კანდიდატებს არასოდეს დაუმტკიცებს, „ქართული ოცნების“ საკრებულოს მათი ჩაგდება 4 წლის განმავლობაში ყოველ სამ თვეში მოუწევს.

„თუკი მელია მერი გახდება და კანდიდატებს საკრებულო არ დაუმტკიცებს, მას შეუძლია ასე მოვალეობის შემსრულებლებით გაიყვანოს 4 წელი ძალიან მარტივად.

მას შეუძლია ე.წ. საკადრო კარუსელი დაატრიალოს და, მაგალითად, თუ ვიღაც იყო კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგი 3 თვით ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გადანიშნოს…

შესაძლოა, ვიცე-მერი გახდეს ჩვეულებრივი მოადგილე და ასე შემდეგ… კოდექსშია მხოლოდ ერთი დათქმა, რომ – ერთი და იმავე პირის ერთსა და იმავე თანამდებობაზე დანიშვნა (მოვალეობის შემსრულებლად) მერს შეუძლია მხოლოდ ერთხელ“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას თვითმმართველობის მკვლევარი, მაგდა პოპიაშვილი.

მისი განმარტებით, ასეთი ვითარება ღრმა პოლიტიკურ კრიზისს არ გამოიწვევს, რადგან მოვალეობის შემსრულებლები და საკრებულოს მიერ დამტკიცებულები ტოლფასი უფლებამოსილებით სარგებლობენ და საქმიანობა არ შეფერხდება.

დატოვეთ კომენტარი