დეკემბერი 6, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ოპოზიციას მინდა მივმართო, რას აკეთებთ პარლამენტში?-ნინო ბურჯანაძე

ოპოზიციას მინდა მივმართო, რას აკეთებთ პარლამენტში? ერთადერთი, რაც გამართლება აქვს ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას, სასწრაფოდ იქნეს მოთხოვნილი საკონსტიტუციო ცვლილებები, თუ ეს ცვლილებები არ გავა ისე, როგორც იყო შეთანხმებული, მაშინ ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს – ვინც არ დატოვებს პარლამენტს, ის ოპოზიცია ვეღარ იქნება, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა შესულიყო.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთობა და ქუჩაში ადამიანების მაქსიმალური რაოდენობით გამოსვლა.

„ოპოზიციას მინდა მივმართო, რას აკეთებთ პარლამენტში? – ერთადერთი, რა გამართლებაც აქვს ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას, საერთოდ რომ არ უნდა შესულიყვნენ ამაზე არაფერს ვლაპარაკობ, სასწრაფოდ იქნას მოთხოვნილი საკონსტიტუციო ცვლილებები, დაიდოს ვადა, როდემდე ვაძლევთ, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებს კენჭი ეყაროს. თუ ეს ცვლილებები არ გავა ისე, როგორც იყო შეთანხმებული, მათ შორის ოპოზიციასთან და მიშელის დოკუმენტში, მაშინ ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. ვინც არ დატოვებს პარლამენტს, ის ოპოზიცია ვეღარ იქნება.

ოპოზიციის ოპოზიციონერობას დაანებეთ თავი, ჩემზე მეტი უფლება ოპოზიციაში არავის არ გაქვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ან სააკაშვილის ოპოზიციაში იყოთ, მაგრამ ახლა ოპოზიციის ოპოზიციონერობა არის ბიძინა ივანიშვილის თამაში და ან ჩამოყალიბდით – მესმის, რომ პოლიტიკური გამოცდილება ბევრს არ გაქვთ, ან ოპოზიციის ოპოზიციონერობას თავი დაანებეთ, ანდა დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, ან მოგვიწევს, რომ ჩვენ დავარქვათ. პრანჭვას ახლა დაანებონ თავი ოპოზიციონერებმა და ყველამ თქვას, რომ დიახ, ყველამ უნდა ვიმუშაოთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ თავისუფალმა სასამართლომ გაასამართლოს ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი.”

საკუთარ ქვეყანას როგორ ვუსურვებ იმას, რომ ექსპერიმენტი ჩატარდეს, თორემ უბრალოდ ახლა შესაძლებელი რომ იყოს, ვირტუალურად დაინახონ ადამიანებმა რა ელოდება ამ ქვეყანას, თუ ასე გაგრძელდა, უბრალოდ შოკში ჩავარდებიან. ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ადამიანი ქუჩაში და მაქსიმალურად მეტი აქტიურობა. კეთილი ინებოს ოპოზიციამ, ყველა სიმპათია-ანტიპათია გადადოს გვერდზე და ვადამდელი არჩევნები მოვიპოვოთ. შემდეგ საზოგადოებას მივცეთ საშუალება, ვისაც უნდა სააკაშვილს მისცემს ხმას, ვისაც უნდა ბურჯანაძეს, ვისაც უნდა “ლელოს“ და ვისაც უნდა შალვა ნათელაშვილს, მაგრამ თავისუფალი და ვადამდელი არჩევნები არის ამ ქვეყნის ერთადერთი გადარჩენა, ამას სჭირდება სრულიად ოპოზიციის ერთობა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ბათუმის საკრებულოში მიმდინარე პროცესებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ოპოზიციის ლეგიტიმური უფლება იყო შესულიყო საკრებულოში.

მისივე თქმით, ოპოზიცია ფრთხილობს, რომ ქვეყანაში ვითარება არ დამძიმდეს.

„მე არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ, მაგრამ დღეს ოპოზიციას სრული უფლება ჰქონდა ბათუმის საკრებულოში შევარდნილიყო და ეს შევარდნაც არ იქნებოდა, მანდატები უკავია ხალხს ხელში და გასულია რამდენი დღე, – ადამიანები, რომლებიც არჩეულები არიან, გარეთ გამოყარეს და იმ ადამიანებს, რომელთაც გასული აქვთ ვადა და ამოწურულია ყველანაირი საკანონდებლო ვადა, მივიდნენ და კენჭი უყარეს ბიუჯეტს. სრული უფლება ჰქონდა ოპოზიციას, მართლა დესტრუქციული, რომ იყოს და რადიკალური, დესტრუქცია არც არის, უბრალოდ რადიკალურ ნაბიჯებს ერიდება ოპოზიცია, თორემ აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო ბათუმის სხდომის ჩაშლა. ოპოზიცია ცდილობს, შეიძლება ზედმეტადაც კი ფრთხილობს, რომ მოერიდოს სიტუაციის გამწვავებას. ჩვენ ვუფრთხილდებით ქვეყანას და არა „ქართულ ოცნებას.“ არ მინდა ვინმეს იმის შთაბეჭდილება ჰქონდეს, რომ რამის გვეშინია, ერთადერთი, რისიც გვეშინია, ეს არის, რომ ქვეყანაში სიტუაცია არ აირიოს.

კეთილი ინებოს საერთაშორისო თანამეგობრობამ და დღეს რაც მოხდა საქართველოში, ამოიღოს ხმა. მივმართავ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსს, ეს რა არის, ამაზე შეიძლება თვალის დახუჭვა? დარწმუნებული ვარ, რომ არც დახუჭავენ თვალს, ამის მაგალითია კარლ ჰარცელის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, როდესაც ის პარლამენტში არ მივიდა მოსამართლეების დამტკიცების პროცესზე, – ამით მან ხაზი გაუსვა და თქვა კიდეც, რომ ეს არ არის საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედება“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

დატოვეთ კომენტარი