იანვარი 29, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

თუ გადავხედავთ რუსეთის ქმედებებს, ჩანს, რომ საფრთხე მოედინება ჩრდილოეთიდან და არა უკრაინიდან და საქართველოდან – დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადებაზე, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება ნაღმია, უცნაურს უწოდებს და სტამბულის კონვენციას იხსენებს.

კელი დეგნანის თქმით, სუვერენული ქვეყნების გადასაწყვეტია რომელი ორგანიზაციის წევრობა სურთ:

“ლავროვის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ასევე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს და ბოლო 13 წელია ეს მესიჯი არის თანმიმდევრული და მკაფიო, რომ საქართველო და უკრაინა  გახდება ნატოს წევრი.  

უცნაურია რატომ მიიჩნევს რუსეთი ამას საფრთხედ, როდესაც მან თავად მოაწერა ხელი 90-იან წლებში სტამბულის კონვენციას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს თავისი სუვერენული უფლება აირჩიოს რომელი ორგანიზაციის წევრი გახდება, შესაბამისად, საქართველოსაც და უკრაინასაც აქვთ სუვერენული უფლება გადაწყვიტონ, რომელი სამხედრო, თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის წევრობა სურთ. განსაკუთრებით თუ კი გადავხედავთ  რუსეთის ქმედებებს და ამ ბოლო პერიოდში სამხედრო ძალების კონცენტრაციას უკრაინის საზღვრებთან, ნათლად ჩანს, რომ საფრთხე მოედინება ჩრდილოეთიდან და არა ვთქვათ, უკრაინიდან და საქართველოდან.

ნატოს ალიანსი მუშაობს იმისათვის, რომ მოიტანოს უფრო მეტი მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყნებში, შესაბამისად, საქართველოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გახდეს ნატოს  წევრი ნამდვილად არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის“ ამბობს კელი დეგნანი.

უკრაინის და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ევროპული უსაფრთხოების საძირკველში ჩადებული ნაღმია – განაცხადა ლავროვმა, სტოკჰოლმში, ეუთოს სამიტზე და კიდევ ერთხელ დაიმუქრა, რომ ვინც ამ გადაწყვეტილებას ხელს უწყობს, “ცეცხლს ეთამაშება”

დატოვეთ კომენტარი