იანვარი 29, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

გიგი კალანდაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის გიგი კალანდაძის თქმით, გერმანიის სასამართლო მის საქმეზე რამდენიმე კვირაში იმსჯელებს. კალანდაძე დარწმუნებულია, რომ გერმანიიდან მისი ექსტრადაცია არ მოხდება.

კალანდაძე პატიმრობიდან გუშინ, 6 იანვარს გაათავისუფლეს მისი თქმით, საქმე, რომელსაც მას ედავებიან პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

“რომ გითხრათ, რომ პირველად შემოვფრინდი ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტში მოგატყუებთ, სამჯერ ვარ ნამყოფი პასპორტში შტამპეპი მაქვს. შემოფრენისას არ მქონდა პრობლემა, ვენაში მქონდა შეხვედრა, მერე ბერლინში ჩავედი და მოვდიოდი უკან, გამოფრენისას რამდენიმე წუთით მთხოვეს შეყოვნება, მერე გადამიყვანეს პოლიციაში, სადაც დააზუსტეს ჩემი პიროვნება და მითხრეს, რომ მე დაკავებული ვარ, იმიტომ რომ ვიმყოფები ძებნაზე. მე გავეცი პასუხი, რომ ერთი თვის წინ გადმოვლახე საზღვარი და არ იყო არანაირი პრობლემა.

ეს არის ახალი ტალღა ჩემი დისკრიმინაციის და ეს დისკრიმინაცია საქართველოს ხელისუფლებას უბრუნდება პირიქით. ეს საქმე მე აღმიძრეს უკრაინაში ყოფნის დროს 2015 წლის მიწურულს, როცა თვითონ ამ საქმის გამოძიება დაიწყეს 2013 წელს, სადღაც სამი წლის მერე წამიყენეს ბრალი. რა თქმა უნდა, ეს ბრალი არის მოგონილი და შეთითხნილი, არაფერზე დამყარებული…იმდენი დარღვევაა, რომ მთელი დღე არ მეყოფა ამაზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში ჩემი ექსტრადაცია არ დადგება, თვითონაც საექსტრადაციო პერიოდი შემიცვალეს გირაოთი, რამდენიმე კვირაში მექნება სასამართლო, სადაც ის მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენ ველით” ,-თქვა გიგი კალანდაძემ.

გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გიგი კალანდაძე გერმანიაში 19 დეკემბერს დააკავეს. მას საქართველოში ბრალი ელბერტ კობერიძის წამებაზე 2015 წელს წარუდგინეს, მას შემდეგ კალანდაძე საქართველოში არ ყოფილა. ის უკრაინის მოქალაქეა.

დატოვეთ კომენტარი