დეკემბერი 2, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

„მე რომ პარლამენტში ვიყო, ძალიან ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა”-ნინო ბურჯანაძე

სიფრთხილე ცუდი არ არის, როდესაც ის გონიერებასთან არის კავშირში, უბრალოდ სიფრთხილე არ უნდა გადაიზარდოს მშიშრობაში და პოზიციის გამოხატვისგან თავის არიდებაში, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს.

ბურჯანაძის თქმით, დასავლეთსა და რუსეთს შორის მსგავსი ესკალაცია და დაპირისპირება დიდი ხანია არ ყოფილა, რაც, მისი შეფასებით, არის შემაშფოთებელი.

„მე რომ პარლამენტში ვიყო, ძალიან ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა. ალბათ, რეზოლუციის ტექსტიც სხვანაირი იქნებოდა. ერთი მხრივ, არ იქნებოდა ის, რომ პირდაპირ დაგვედანაშაულებინა რუსეთი იმაში, რომ ხვალ შეიჭრება და აიღებს კიევს, მაგრამ, მეორე მხრივ, არც ისე იქნებოდა, რომ საერთოდ არ ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის საკითხი ნახსენები. ის იქნებოდა ისეთი შუალედური და ზომიერი, როგორც მიიღებოდა მაშინ, როდესაც მე მიჯერებდნენ პარლამენტში. ახლა მოხდება საქართველოსთვის ტრაგიკულად მარტივად ერთი რამ – უკრაინასთან მიმართებაშიც რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ხურდასავით მიბმული იქნება საქართველო ამ საქმეში. ეს არის ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება და თუ გინდა პროდასავლური ეძახე, გინდა ნატო-ს დროშა გამოკიდოს ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ფრთხილი კი არა, ვასალური პოლიტიკით არის დაკავებული. ეს არ არის სიფრთხილე, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, როდესაც თუნდაც ჩვენი ტერიტორიის საზღვრებზე გადმოდის და გადმოდის ქვეყნის შიგნით ე.წ. საზღვარი. ეს არ არის სიფრთხილე, ეს არის ვასალური დამოკიდებულება. ფრთხილი პოზიცია არის ის, რომ პროვოცირება არ მოახდინო, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის, ხოლო ვასალური პოზიციაა, როდესაც შენ გაჩუმებული ხარ და საუკეთესო შემთხვევაში თავს მოაჩვენებ, თითქოს რაღაცას აპროტესტებ, სინამდვილეში კი არ აპროტესტებ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე შეფასებით, როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება არაერთ ადამიანს აქვს.

„მგონია, რომ ადამიანების რაღაც ნაწილს, მათ შორის დასავლეთშიც, ძალიან უნდათ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრას. არ ვამბობ, რომ ეს დასავლეთის საერთო პოზიციაა, მაგრამ იკვეთებიან ადამიანები და ძალები, რომელთაც ნამდვილად ძალიან სურთ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრას. იკვეთება, რომ ნამდვილად არის ძალები, რომელთაც აწყობთ რუსეთის და უკრაინის ომი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დასავლეთსა და რუსეთში მმართველი პოლიტიკური ელიტა მაქსიმალურად გონიერებას მოუხმობენ და ეს ომი არ მოხდება. ეს ძალიან მტკივნეული ომი იქნება, რადგან რუსები და უკრაინელები მართლაც ძალიან ახლო ერები არიან. ბუნებრივია, ეს ომი გამოიწვევს ძალიან სერიოზულ რყევებს.

არ მგონია, რომ რუსეთმა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყოს უკრაინასთან. სურათი ასეთია – ყველა დასავლური მედია ამბობს, რომ რუსეთი ახლა შევარდება და ლამის კიევს და ხარკოვს აიღებს, რუსეთი კი ამბობს, რომ არა, ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ამით რუსეთი აჩვენებს, რომ ისინი ძალიან ბევრ რამეზე არიან წამსვლელი. ეს არის მანევრები და ჩვენება იმის, რომ რუსეთი მართლაც ძალიან სერიოზულად უყურებს დღეს არსებულ მოვლენებს და ის არ აპირებს, რომ მეცხრეხარისხოვანი მოთამაშე იყოს, ეს ფაქტია. ამიტომ, საჭიროა ზომიერება, სიფრთხილე, მაგრამ არა ვასალური და არა მონური დამოკიდებულება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ინფორმაციისთვის, უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი – “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ მოამზადა. დოკუმენტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება და მას ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს. ტექსტის შინაარსზე დღეს ოპოზიცია და მმართველი პარტია ვერ შეთანხმდა. ოპოზიციაში აცხადებენ, “ქართულმა ოცნებამ” რეზოლუციის თავდაპირველი ტექსტი, რომელზეც პოზიციები თითქმის შეჯერებული იყო, მოგვიანებით შეცვალა და რეზოლუციის ახლანდელ ტექსტში სიტყვა “რუსეთი” ნახსენები არ არის.

დატოვეთ კომენტარი