ივლისი 27, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ეკატერინე ტიკარაძე მზად არის აიცრას „ასტრაზენეკას” ვაქცინით

ვაქცინაციის პოპულარიზაციის კამპანიის ფორმატის დაგეგმილი ცვლილების შესახებ ისაუბრა „რუსთავი 2″-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის 22 მარტს გახდება ცნობილი.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა აიცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, უპასუხა, რომ თანახმაა ეს ვაქცინა გაიკეთოს. როგორც ის ამბობს, აქამდე გეგმავდა ჩინური წარმოების ვაქცინით აცრას.

„მნიშვნელოვანია ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ და ამ შემთხვევაში გვქონდა სტრატეგია, რომ სხვადასხვა ვაქცინით მომხდარიყო ჩვენი აცრა. გადაწყვეტილი იყო, რომ მე ავცრილიყავი ჩინური ვაქცინით, რომელზეც ასევე არაერთი მითია, თუმცა დღეს მიმდინარეობს შეჯერების პროცესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახეს მიიღებს ეს კამპანია, ვინაიდან, ის რაც იყო დაგეგმილი, შესაძლოა, დღესდღეობით არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეები დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში. ასევე, გარკვეული ფორმატი შეიძლება იყოს შეცვლილი და ამასთან დაკავშირებით ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – თქვა ტიკარაძემ.

18 მარტს ახალციხეში 28 წლის ექთანს მეგი ბაქრაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში განუვითარდა, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი.

ექთანი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციასა და სიკვდილს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად, ფაქტს სწავლობს რეგულირების სააგენტო. ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო „ასტრაზენეკას” ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აცრა. 19 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა ჯანდაცვის სექტორის 3642-მა წარმომადგენელმა. ასაცრელად დარეგისტრირებულია 5158.

დატოვეთ კომენტარი