ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ენერგეტიკული ოკუპაცია – კრიზისი, რომელიც მწვავდება

გაყინულ კონფლიქტსუმძიმეს ადამიანურ ტრადეგიასთან ერთად, საქართველოსთვის ყოველწიურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგიც მოაქვს. ენერგეტიკა კი არის სფერო, რომელშიც დანაკარგები ყოველწლიურად იზრდება, რაც აფხაზეთში ელექტროენერგიის უკონტროლო ზრდასთან არის დაკავშირებული. დღეს ამ ზრდას ვირტუალური ფულის მაინინგი განაპირობებს.

2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა ყველგან, გარდა აფხაზეთისა. გასული წლის განმავლობაში რეგიონში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა აქამდე არნახული ტემპით – 24%-ით გაიზარდა და 2.55 მილიარდი კილოვატსაათი შეადგინა. შედეგად, აფხაზეთმა, რომლის მოსახლეობაც სხვადასხვა შეფასებით 350 ათას მოსახლეს არ აჭარბებს, მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რამდენიც თბილისის 1.1 მილიონმა მცხოვრებმა. ამ ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს რეგიონი საქართველოდან სრულიად უსასყიდლოდ იღებს.

არსებული ვითარება განპირობებულია იმით, რომ 1993 წელს ომის დასრულების შედეგად, ოფიციალურმა თბილისმა ამიერკავკასიაში მდებარე უმსხვილესი ენერგეტიკული სადგურების – ენგურისა და ვარდნილჰესების მართვის პულტზე დაკარგა კონტროლი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონსა და ოფიციალურ თბილისს შორის 1997 წლიდან არსებობს პირობითი შეთანხმება: აფხაზეთი ადგილობრივი მოხმარებისთვის სამყოფ, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების ელექტროენერგიას უფასოდ იღებს, რაც თავდაპირველად გენერაციის 40%, შემდეგ კი 50% იყო.

2020 წლის განმავლობაში საქართველომ ენგურჰესისა და ვარდნილჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 34% მიიღო, დანარჩენი 64%, ანუ რიცხობრივად 2.2 მილიარდი კილოვატსაათი აფხაზეთს მიეწოდა. წელიწადის სხვადასხვა დროის განმავლობაში თანაფარდობა განსხვავებულია: მაგალითად, 2020 წლის იანვარში, მარტში, აპრილსა და დეკემბერში აფხაზეთმა ენგურჰესისა და ვარდნილჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100% მიიღო.

მეტიც, ეს ელექტროენერგია რეგიონის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც რეგიონს რუსეთის ფედერაციისგან საშეღავათო ფასად დამატებით 366 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია მიეწოდა. ამ ელექტროენერგიის ღირებულებაც საქართველომ დაფარა.

2012 წლის შემდეგ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ზუსტად 1 მილიარდი კვტ.სთ-ით (67%-ით) არის გაზრდილი.

მთლიანობაში 2020 წელს აფხაზეთისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი ლარია (დღეისთვის საბაზრო საბალანსო ღირებულება ერთ კილოვატზე საშუალოდ 15.6 თეთრს შეადგენს).

ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საქართველოს პოლიტიკა ენგურჰესის ელექტროენერგიასთან დაკავშირებით სწორია. თუმცა ფაქტია, რომ დენის მოხმარების რეკორდული ზრდის საფასურს საქართველოს მოქალაქეები იხდიან. აფხაზეთში არსებული ტრენდის გაგრძელების შემთხვევაში, საქართველო ფაქტობრივად დაკარგავს ენგურჰესის იაფი ელექტროენერგიის მიღების შესაძლებლობას, რაც ადრე თუ გვიან თითოეული მოქალაქისა თუ ბიზნესისთვის გაზრდილ ტარიფებში აისახება.

გაგრძელება

დატოვეთ კომენტარი