ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“მკვდარი წაიყვანეს აქედან” – ოჯახი ფიქრობს, რომ მეგი ბაქრაძე ახალციხეშივე გარდაიცვალა

ხმაური ახალციხეში, კლინიკა “იმედთან” დღეს მაშინ დაიწყო, როდესაც გარდაცვლილი მედდის ნივთების წასაღებად ადგილზე მისი მეუღლე მივიდა. მეგი ბაქრაძის ქმარი საავადმყოფოს თანამშრომლებს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მძიმე ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, დღეს ოჯახმა ბრალდებებზე საუბარი დაიწყო. ექთნის მამა ახალციხის კლინიკას ადანაშაულებს და აცხადებს რომ თანამშრომლებს ვაქცინის გაკეთებას აიძულებდნენ.

ამ ბრალდების პასუხად, კლინიკაში ამბობენ, რომ აცრა ნებაყოფლობითია და მეგი ბაქრაძეც საკუთარი სურვილით მოქმედებდა.

მეგი ბაქრაძის ნათესავები ფიქრობენ, რომ ახალციხეში იმუნიზაციის პროცესისთვის მზად არ იყვნენ. მათივე თქმით, ახალციხიდან თბილისში გადმოყვანისას, 27 წლის მეგი ბაქრაძე უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა ფაქტი დაიმალა.

“მკვდარი წაიყვანეს აქედან. უნდა გავიგოთ რა როგორ მოხდა. მისცა ალერგია და ვეღარ გამოიყვანეს მდგომარეობიდან,” – ამბობს გარდაცვლილის მაზლი, მალხაზ კობახიძე.

ის, რომ მეგი ბაქრაძე თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოცხალი შეიყვანეს, ადასტურებენ საავადმყოფოშიც.

ვაქცინის შედეგად გარდაცვლილს ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პროცესში ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტებსაც რთავს.

ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც სწავლობს.

დატოვეთ კომენტარი