დეკემბერი 2, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ წაახალისა ბიძინამ გოგაშვილები

. რუსთავი, მე-12 პენიტენციური დაწესებულება 30 ივლისი, 2022 წელი. თავდაპირველად, 30 ივლისს, როცა თბილისიდან წავედით რუსთავში მამას სანახავად მე, დედა და ჩემი ძმები, გზაში საკუთრ თავს ვეუბნებოდი, რომ როცა მამაჩემს დავინახავდი, აუცილებლად თავი უნდა შემეკავებინა ემოციებისგან, არ უნდა მეტირა, რომ მამას არ ენერვიულა და უნდა გამემხნევებინა. როცა მივედით დაწესებულებაში, ჯერ ჩვენ შეგვიყვანეს ციხის 115-ე შეხვედრების ოთახში, რამდენიმე წუთის შემდეგ კარის ხმა გავიგეთ და როგორც კი მამა დავინახეთ, ოთხივე ძალიან მაგრად ჩავეხუტეთ მამას და ემოციებისგან თავიც ვერ შევიკავე, მაგრამ მალევე დავმშვიდდი და დავიწყეთ ერთმანეთის გამხნევება. სიმართლე გითხრათ, მამამ უფრო გაგვამხნევა ჩვენ და უფრო მეტად დავრწმუნდი, მის სიძლიერეში. ციხის იმ პატარა ოთახში, რომელსაც არ ჰქონდა ფანჯარა, დახურული იყო კარი და არ იყო საერთოდ ჟანგბადი, შიგნით 5 ადამიანი ვიყავით და 2 საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, ბოლოს წყალიც ვთხოვეთ ოთახის გარეთ მდგომ ბადრაგს, რადგან პეტრეს გაუჭირდა იმ სივრცეში დიდი ხანი ყოფნა. ისე სწრაფად გავიდა 2 საათი, როგორც 2 წუთი. ძალიან ბევრჯერ ვკითხე მამას, ხო ნამდვილად კარგად იყო, ვაკვირდებოდი, რამეს ხომ არ მიმალავს, რამე ხომ არ დაუზიანესთქო კიდევ. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ფიზიკურად კარგად იყო. ბოლოს ჩვენ თავად მოვითხოვეთ შეხვედრის დასრულება, რადგან დრო არ გვქონდა შეზღუდული. როგორც ხდება ხოლმე, ცხოვრებაში მეც ბევრმა ადამიანმა გამიცრუა იმედი, მაგრამ ჩემს ოჯახში ნამდვილად ძალიან გამიმართლა და ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამის გამო. ბევრი სირთულე გვაქვს გადატანილი ერთად, ბევრჯერ ბედნიერებიც ვყოფილვართ, როგორც ყველა თქვენგანი. ახლა, ადამიანები გვეკითხებიან, მათ წინააღმდეგ ბრძოლის რატომ არ გეშინიათო. ცხოვრებაში ყველაფერი მონაცვლეობით არის, ყველაფერი დროებითია. ყოველი დღის შემდეგ ღამდება, მარცხის შემდეგ აუცილებლად ვიმარჯვებთ… ასევეა ჩვენი ცხოვრების ეს პერიოდიც, სადაც ახლა ვართ, რომელიც ერთ დღეს დასრულდება და ჩვენი ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ. მთავარი არაა ახლა ვინ რომელ განზომილებაში ვართ, რადგან ის ხვალ აუცილებლად შეიცვლება, მთავარია ბედნიერების დროს როგორ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს, რამდენად მადლიერები ვართ და პარალელურად როგორ ვექცევით სხვა ადამიანებს. სირთულებიის დროს, მთავარია რამდენად შევინარჩუნებთ ნებისყოფას, სიმშვიდეს და არ დავნებდებით, სადაც მე ვარ ახლა და არ ვაპირებ არასდროს დანებებას. მარტივია დანებება და უმოქმედობა, მაგრამ სირთულეების გადალახვის შემდეგ, უფრო ლამაზი, საინტერესოა ცხოვრებაც და ადამიანიც. ყოველთვის ვიძახდი, რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში იყოს ადამიანი, არ უნდა მისცეს თავს უფლება, რომ იმედი დაკარგოს და ბრძოლა შეწყვიტოსთქო და ვისაც ამ რჩევას გაძლევდით, ახლა მე გამოვიყენებ აუცილებლად ჩემს რეალურ ცხოვრებაში ამ სიტყვებს და მომავალში ამ რჩევის ნაცვლად ჩემი ცხოვრების ამ რთული პერიოდის შესახებ მოგიყვებითხოლმე, რომ ჩემი მაგალითი იყოს სხვა, უსამართლობის მსხვერპლი ადამიანების გადარჩენის იმედი! ჩვენ არ გვეშინია ამ რთული პერიოდის, ახლა ჩვენს მტრებს ეშინიათ ჩვენს მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯის, რადგან ჩვენ ღმერთის იმედი გვაქვს და ამ იმედით ვიბრძვით სიმართლის დასამტკიცებლად, რასაც ყველაზე დიდი ძალა აქვს! ჩვენს მტრებსაც არ ვუსურვებ იმის გადატანას, რაც ჩვენ 16 ივლისს გაგვიკეთა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, არც სიკვდილს გისურვებთ, მიუხედავად იმისა რომ თქვენ ძალიან გსურთ ახლა ჩემი ოჯახის ლიკვიდაცია და სწორედ ამიტომ ვარ ბედნიერი , ამიტომ მჯერა გამარჯვების, რომ თქვენმა უსამართლო, არაადამიანურმა მოპყრობამაც კი არ გამაბოროტა, ჩემში სიკეთე და სიყვარულია, თქვენში სიძულვილი და შური. თქვენ თავად თქვენივე ბოროტება გაგანადგურებთ. ,,არ არსებობს ადამიანისთვის დაცემის დონე, საიდანაც მისი აღორძინება არ შეიძლება მოხდეს.” ფიოდორ დოსტოევსკი პ.ს ისტორიას ვურთავ ციხიდან წამოსვლისას რუსთავში გადაღებულ ფოტოს. ყოველი დაღამების შემდეგ მზე ისევ, ყოველთვის ამოდის სიყვარულით, პოლიტპატიმარი სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი.

დატოვეთ კომენტარი