ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

თინა კანდელაკი: მრცხვენია იმის გამო, რაც თბილისში პოზნერის ვიზიტს მოჰყვა

რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ამბობს, რომ რცხვენია იმის გამო, რაც თბილისში რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს მოჰყვა.

კანდელაკი ტელეგრამზე წერს, რომ “ქართველები სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან”.

“მრცხვენია იმის გამო, რაც გუშინ თბილისის სასტუმროში პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით მოხდა. ჩვენ, ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით სტუმართმოყვარეობით და შეიძლება, ბევრ რამეში შეიტანო ეჭვი, მაგრამ არა იმაში, რომ ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. ეს ჩვენი აღზრდისა და დამოკიდებულების ნაწილია ბავშვობიდან. ახლა კი ვხედავ, რომ ჩვენ გამოვავლინეთ სამარცხვინო დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომელსაც საქართველო მთელი გულით უყვარს.

მან საქართველოს შესახებ უფრო ბევრი იცის, ვიდრე იმ ხალხმა, ვინც მოულოდნელად გადაწყვიტა, თავისი უპატივცემულობა გამოეხატა მის მიმართ”, – წერს კანდელაკი.

***

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი აირზენას ჩარტერული რეისით, შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა.

იგი, მის დელეგაციასთან ერთად სასტუმრო რუმსში მივიდა, შემდეგ კი კომენდანტის საათის დროს, 21 საათის შემდეგ, რეგულაციების დარღვევით, რესტორან ვინოტელში ავტობუსით გადავიდა. ისინი თბილისში პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებდნენ.

ქართველი აქტივისტები ვლადიმირ პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ, როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. ისინი პოლიციას მოუწოდებდნენ, რომ აღეკვეთათ დანაშაული – კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა და აკრძალვის მიუხედავად, ღამის საათებში რესტორანში ვახშმობა.

ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ “ოკუპანტ ღორებს” არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას.

პარალელურად, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, აშშ-ს მოქალაქეა და არაერთხელ ყოფილა საქართველოში.

სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს და სასტუმრო რუმსში დაბრუნდნენ, სადაც აქციამაც გადაინაცვლა.

აქტივისტებმა სასტუმრო რუმსის ფანჯრებს კვერცხები დაუშინეს და მოითხოვეს, რუსულ დელეგაციას დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო.

პოზნერმა და მისმა მეგობრებმა სასტუმრო გამთენიისას, 6 საათზე დატოვეს და აირზენას ჩარტერული რეისით თბილისიდან უკვე რუსეთში გაბრუნდნენ.

სასტუმროს კარიდან ავტობუსის შესასვლელამდე ისინი პოლიციის კორდონითა და აქტივისტების შეძახილების ფონზე შევიდნენ.

შრომის ინსპექციის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის, ვინოტელი 10 000 ლარით დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვლადიმირ პოზნერი და 31 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო 2000-2000 ლარით დააჯარიმეს, დანარჩენ 9 პირს კი იზოლაციისა და კარანტინის წესი არ დაურღვევია. უწყებას დაჯარიმებული პირების ვინაობა არ გაუსაჯაროვებია.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

დატოვეთ კომენტარი