აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

9 აპრილი

9 აპრილი – ტრაგედია, რომელიც საქართველოს თავისუფლების გამოცხადების სიმბოლოდ იქცა. 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში რუსთაველის გამზირზე ათასობით დემონსტრანტი საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეიკრიბა. მაშინ, ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ქართველები ვერ იფიქრებდნენ, რომ თავიანთი სამშობლოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის მიზნით გამართულ მშვიდობიან აქციაზე პასუხს სიცოცხლის ფასად გადაიხდიდნენ.

პარლამენტის წინ მიდიოდნენ ოჯახები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები. მიდიოდნენ და ფიქრობდნენ, რომ უკან დამოუკიდებლობა მოპოვებულები სახლში დაბრუნდებოდნენ. გულწრფელ მოთხოვნას და სრულიდ ლეგიტიმურს, კრემლში არ ეთახმებოდნენ.

სანამ ქართველები სახელმწიფოებრივი იდეისთვის იბრძოდნენ, მათ წინააღმდეგ რუსეთში სასტიკ დარბევას გეგმავდნენ. “ერთმორწმუნე” დიდი რუსეთის მიზანი მომიტინგეების დაშლა არ ყოფილა, მათი მიზანი დასჯა იყო და დაისაჯენ კიდეც. 16 ადამიანი, ძირითადად ქალები, ადგილზე დაიღუპნენ, 4 მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათგან სამი – ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი და თამრიკო ჭოველიძე მხოლოდ 16 წლის იყვნენ. 25 წლის გია ქარსელაძე კი თბილისში კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, კაპიტანმა ლოხინმა მოკლა. სულ 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, ათასობით კი მოიწამლა.

 

დაისაჯეს რუსული ნიჩბით, ტანკით, მხუთავი აირით, ცეცხლსასროლი იარაღით, თუმცა მათ ქმედებას უკვალოდ არ ჩაუვლია – ტრაგედიიდან სულ რაღაც 2 წელიწადში, ისევ 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული აქტი მიიღო. ფრთები შეისხა დაღუპულთა და გადარჩენილების ოცნებამაც – საქართველომ ნანატრი და სისხლით მოპოვებული თავისუფლება მიიღო.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან სულ რაღაც 6 თვეში სისხლში ჩახშული აპრილის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მასთან ერთად მძიმედ დაშავებული ზურაბ ჭავჭავაძე მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამბობენ, რომ კოსტავას შეუვალობა და პრინციპულობა კრემლმა არ აპატია და ის მოწყობილ ავარიას შეეწირა…

 

 

 

ზვიად გამსახურდია 1990 წლის ოქტომბერში უზენაესი საბჭოს თავჯდომარე გახდა, შემდეგ პრეზიდენტი. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 

ამის შემდეგ, 10 თვეში, წითელი პუტჩის შედეგად გამსახურდია ქვეყნიდან გააძევეს, კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მიზნით უკან დაბრუნებული პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში კვდება… ვერსიას თვითმკვლელობის შესახებ, ბევრი არ იზიარებს და კოსტავას მსგავსად, ამბობენ, რომ გამსახურდიას შემთხვევაშიც კრემლში დაგეგმილი თვითმკვლელობის ინსცენირება გათამაშდა…

ამის შემდეგ, ქართული პოლიტიკის არენაზე მთავარ მოქმედ პირად ედუარდ შევარდნაძე გვევლინება… მოგვიანებით, ქვეყნის პრეზიდენტი ხდება.

1994 წლის 3 დეკემბერს თბილისში, საკუთარ სახლთან გიორგი ჭანტურია ჩაცხრილეს, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, გარკვეული ხნით პატიმრობაში იყო.

 

საქართველო კომპარტიის მაშინდელმა პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა, რომელიც მომხდარში მთავარ პასუხისმგებელ პირად აცხადებენ სწორედ 9 აპრილს დაღვრილი სისხლის გამო, 1995 და 2000 წლებში ორჯერ საქართველოს პრეზიდენტად კენჭი იყარა. თუმცა ორჯერვე დამარცხდა.

9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, პატიაშვილი გივი გუმბარიძემ შეცვალა, ის ტარგედიის დროს უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე იყო. გუმბერიძემ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე საცხოვრებლად რუსეთს მიაშურა.

 

 

საქართველოს კომპარტიის მაშინდელი მეორე მდივანი, ბორის ნიკოლსკი ქართველი ერის წინააღმდეგ განხორციელებული “წარმატებული” სისხლიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააწინაურეს და მოსკოვში გადაიყვანეს, ის 2001-2002 წლებში კიდევ დაწინაურდა – მოსკოვის ვიცე-მერის პოზიციაც “დაიმსახურა”. ნიკოლსკი 2007 წელს გარდაიცვალა.

 

კრემლს არც ქართველი ერისთვის ჯალათის სინონიმად მიჩნეული გენერალი იგორ როდიონოვის დაწინაურება დავიწყებია, ქართველი ერის წინაშე მისი “ღვაწლიც” დააფასეს და 1996-97 წლებში ის რუსეთის თავდაცვის მინისტრი გახდა, შემდეგ კი დუმის დეპუტატი.

 

ჯალათთა რიგებში, როდიონოვის შემდეგ ადგილს საბჭოთა არმიის გენერალი, კონსტანტინე კოჩეტოვიიკავებდა. მან საკუთარი სურვილით შესთავაზა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მაშინდელ მინისტრ იმიტრი იაზოვს მიტინგის დარბევაში მონაწილეობა და თავისუფლების იდეის ირგვლივ გაერთიანებული ქართველების ხოცვა-ჟლეტვაში “მოხალისედ” ჯალათობდა.

რუსეთის მიერ საგანგებოდ შემუშავებული სადამსჯელო ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელი ძერჟინსკის დივიზიის პოდპოლკოვნიკ ალექსეი ბაკლანოვი იყო. სობჩაკის კომისიის დასკვნით, ბაკლანოვმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება მიტინგის დარბევისას მხუთავი გაზი გამოეყენებინა. თავად ანატოლი სობჩაკი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგის მერი გახდა, 2000 წელს კი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

 

1989 წლიდან დღემდე, 9 აპრილის გმირებს თავისუფლების მოყვარე ქართველები მადლობას 9 აპრილის მემორიალთან უხდიან. იქ, ქვაში გაცოცხლებულ გმირებს ამ ტრაგედიის სიმბოლოდ აღიარებულ ტიტებს უძღვნიან და მათი ღვაწლისთვის თითოეულის ხსოვნის უკვდავსაყოფად სანთლებს უნთებენ…

 

 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი