ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

„ბიძინა ივანიშვილმა თავისი საქმე გააკეთა”-ნინო ბურჯანაძე

ჩვენ კი არ ვვაჭრობთ, ვიბრძვით, – ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს, რომელმაც „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუში „360 გრადუსი“ ოპოზიციას მიმართა, რომ ზოგიერთ თემაზე ვაჭრობა არ ღირს და პარლამენტში უპირობოდ შევიდნენ.

ნინო ბურჯანაძე გია ხუხაშვილის აღნიშნულ განცხადებას კატეგორიულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ თუ ვინმე ივაჭრებს, ისინიც პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მსგავსად იმოქმედებენ.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები დღეს გია ხუხაშვილის პათოსს. ის უდავოდ ჭკვიანი კაცია და ძალიან ხშირად მას რაღაცებში ვეთანხმები ხოლმე, მაგრამ მის დღევანდელ პათოსს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ჯერ ერთი, არავინ ვაჭრობს. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ვაჭრობდა, უკვე პარლამენტში შესულია. თუ ვინმე ივაჭრებს, ისინი შევლენ სწორედ და ელისაშვილიზაციას განიცდიან. ჩვენ კი არ ვვაჭრობთ, ვიბრძვით. ვიბრძვით სწორედ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ის, რაც წაგვართვეს, რაც საქართველოს მოსახლეობას წაართვეს. იმ რეგლამენტით, იმ კონსტიტუციით, იმ რეალობით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, იყო 9 წლის განმავლობაში ოპოზიცია პარლამენტში. ბატონ გიას არ ეშლება ეს, სტატისტიკა აიღოს, ერთი კანონპრექტი და ერთი ცვლილება არ შესულა საპარლამენტო საქმიანობის დროს კანონმდებლობაში ოპოზიციის მიერ ინიცირებული იმიტომ კი არა, რომ ოპოზიცია არაფერს აკეთებდა და ინიციატივები არ ჰქონდა“, – განაცხადა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუში „360 გრადუსი“.

მისი თქმით, ოპოზიციამ ბოიკოტის თვალსაზრისით უკიდურესი ნაბიჯები გადადგა, რის გამოც საქართველოსთან მიმართებით დასავლეთის ყურადღება გააქტიურდა.

„ბიძინა ივანიშვილმა თავისი საქმე გააკეთა, ის მოსამართლეები დასვა, ვინც უნდოდა. საარჩევნო ოქმები „გააპრავა“ ამ სასამართლომ. მელიას დაჭერა „გააპრავა“. მაღალ ფასს რატომ იხდის? იმიტომ, რომ ოპოზიცია ქუჩაში დგას, თორემ ოპოზიცია ამას შიგნითაც ყვიროდა. დასავლეთს ასეთი რეაქცია არ ჰქონდა. სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციამ მართლაც უკიდურესი ნაბიჯები გადადგა ბოიკოტის თვალსაზრისით, ამიტომ გააქტიურდა დასავლეთის ყურადღება საქართველოსთან მიმართებით“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

 

დატოვეთ კომენტარი