ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

სალომე ზურაბიშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ

სალომე ზურაბიშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ – პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, პოლიტიკური ატმოსფეროს გაჯანსაღებისთვის – მორატორიუმი გამოცხადდეს და მხარეებმა თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ოპოზიციის კრიტიკის მუდმივი სამიზნე, სალომე ზურაბიშვილი ამჯერად დადებით შეფასებებს თავად ოპონენტებისგანაც იღებს. პოლიტიკური ძალები იდეას იზიარებენ, თუმცა სიძულვილის ენის გამოყენებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ პრეზიდენტის მიმართვის ადრესატი ხელისუფლება უნდა იყოს, რადგან სწორედ ხელისუფლებისგან ხდება სიძულვილის ენის წახალისება. ენმ-ს წევრი გიორგი ხვედელიანის თქმით, მიუხედავად სწორი აქცენტებისა, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას შედეგი ვერ ექნება, რადგან მას ავტორიტეტი არ აქვს არც მმართველ გუნდში, არც ოპოზიციასა და არც საზოგადოებაში.

ქართულ პოლიტიკურ დისკურსში სიძულვილის ენის დაძლევას მნიშვნელოვნად და სწორად მიიჩნევს “ლელოს” წევრი გრიგოლ გეგელია, თუმცა აცხადებს, რომ ეს პოლიტიკოსების პირად ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული, უნდა ჰქონდეს მხოლოდ ეთიკური ხასიათი, არ უნდა ზღუდავდეს სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას და არ უნდა გადავიდეს სამართლებრივ-დამსჯელ ქმედებაში.

სიძულვილის ენის დაძლევას მისალმებიან მმართველ პარტიაში. “ქართული ოცნების” წევრის რატი იონათამიშვილის თქმით, სიძულვილის ენა ქართულ პოლიტიკაში სწორედ იმ ადამიანებს შემოაქვთ, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან. რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ასეთი პოლიტიკური ძალები მომდევნო არჩევნებზე სათანადო პასუხს მიიღებენ.

პრეზიდენტის მოწოდებას მიესალმებიან არასამთავრობო სექტორშიც. საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა მოწოდება არა მორატორიუმზე, რაც დროებით შეწყვეტას გულისხმობს, არამედ კარგი იქნება თუ ქართული პოლიტიკა სიძულვილის ენისგან გათავისუფლდება.

“ეს ერთგვარად გააჯანსაღებს პოლიტიკურ მდგომარეობას და შესაძლებელია რომ პოლარიზების შემცირებას ხელი შეუწყოს. აუცილებელია აღინიშნოს რომ ეს უნდა იყოს ეთიკური სტანდარტი და არ უნდა იყოს გადატანილი რეგულაციაში,”- აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე იზიარებს ამგვარი შეთანხმების აუცილებლობას და აცხადებს, რომ ეს დადებითად იმოქმედებს ქართულ პოლიტიკურ გარემოზე.

დატოვეთ კომენტარი