დათანხმება მოხდა ისეთ პირობებზე, რაც წინასწარ გაცხადებული იყო რომ ნიკა მელიასთვის იყო პრინციპულად მიუღებელი – აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი.

ენმ-ს თავმჯდომარე საკანში უფლებადამცველებმა დღეს მოინახულეს. როგორც ირკვევა, მელიას პოზიცია უცვლელია.

საძაგლიშვილი ამბობს, რომ მელია ამნისტიის შესახებ შეთანხმებას პოზიტიურად ვერ შეაფასებს, ხოლო გირაოს ნაწილში მისი გადაწყვეტილება ურყევია და ამის შესახებ ძალიან კარგად იცოდნენ დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციონერებმაც:

ნიკა მელიას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს იმ ადამიანების გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობისგან, რომლებმაც გასცეს ბრძანება, რომ დაერბიათ დაუნდობლად დემონსტრაცია, ესროლათ დათვის ტყვიები, ამოეთხარათ თვალები, ცხადია, რომ მას ვერ ექნება პოზიტიური დამოკიდებულება ამ ამბავთან დაკავშირებით. ნიკა მელიამ ეს პოზიცია დღეს კი არ დაიჭირა, ის ამაზე მუდმივად საუბრობდა. 

მისთვის არ ყოფილა წინასწარ ცნობილი რა პირობით ხდებოდა ნიკა მელიას გათავისუფლება ამ დოკუმენტის თანახმად.

პირველი ეს არის გირაო, რომელიც ტექსტში არ არის, მაგრამ, როგრც აღმოჩნდა იყო ზეპირი შეთანხმების საგანი და ყველასთვის ნათელი იყო ნიკა მელიას პოზიცია, რომ ეს მისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო და მეორე – ამნისტია, რომელიც იმდენად ბუნდოვანი პირობით იქნა ჩადებული, რომ შესაძლებელი გახდა მოძალადეების და ჯალათების მიმართაც იყოს გამოყენებული – ამბობს დიტო საძაგლიშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას.

 “ქართულ ოცნებაში” კი უკვე ღიად აცხადებენ, რომ ამნისტია შეეხება ყველას, მათ შორის იმ პოლიციელებსაც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტებისთვის არიან ბრალდებულები.

ამნისტია ერთ-ერთი პუნქტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტისა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა და ხელისუფლებამ 19 აპრილს ხელი მოაწერა. კანონპროექტი პარლამენტში 27 აპრილს, მას შემდეგ უნდა დარეგისტრირდეს, რაც ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შევა, ამავე დღეს, პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს.