ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

მიშა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ აირია-ელენე თევდორაძე

სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ელენე თევდორაძე „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. გთავაზობთ ფრაგმენტს:

რა რეაქცია ჰქონდა ელენე თევდორაძეს, როცა იმ დროს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმძიმესი დანაშაულისთვის ბრალდებული არაერთი პატიმარი შეიწყალა, ყოფილი პარლამენტარი ასე პასუხობს:

„მაშინ შეგნებულად არ ვტოვებდი შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას, რადგან ვფიქრობდი, რომ ის პატიმრები, რომლებიც ნამდვილად შესაწყალებლები იყვნენ, უჩემოდ არ მოხვდებოდნენ პროკურატურის სიაში. იმ დროს ზურაბ ადეიშვილის გარეშე არაფერი ხდებოდა. სანამ დეპუტატი ვიყავი, მიშას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, არავის აძლევდა უფლებას ვინმეს გავეკრიტიკებინე. მახსოვს, შალვა რამიშვილი რომ დააკავეს, დავიცავი და გიგა ბოკერიამ თქვა, მხოლოდ ქურდული სამყაროს წარმომადგენელს შეუძლია ისე ილაპარაკოს, როგორც ეს ლაპარაკობსო. მიშამ უსაყვედურა ბოკერიას, ელენეს თავისი მისია აქვსო. მიშას აწყობდა მე იქ ვყოფილიყავი, ეს რაღაც იმიჯს აძლევდა. ვფიქრობ, მიშა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ აირია. მას მერე მასთან არც დავდიოდი.

სააკაშვილის დროს უფრო გამიჭირდა მუშაობა. ისევ შევდიოდი ციხეებში, ისევ ვხვდებოდი პატიმრებს, ვპირდებოდი, რომ დავეხმარებოდი, მაგრამ არასოდეს გამომდიოდა. როდესაც არა გაქვს საშუალება შენი შესაძლებლობების გამოყენების, დანაპირებს­ ვერ ასრულებ, რა აზრი აქვს ციხეში სიარულს და შევწყვიტე, მეუხერხულებოდა. ხედავ პატიმარი მართალია და ვერაფერს აკეთებ.

2008 წლიდან აღარ შევსულვარ ციხეში, მერე უკვე აღარც დეპუტატი ვიყავი, მხოლოდ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დავრჩი. მაშინაც მჭირდებოდა პატიმრებთან შეხვედრა, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ“, – გაიხსენა თევდორაძემ.

დატოვეთ კომენტარი